19/08/2023
13:48
კულტურა
კულტურის სამინისტრო გ. ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს, ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ფეისბიკგვერდზე გამოქვეყნდა:
"2023 წლის 1 და 2 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა ორგანიზაციამ - სსიპ „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა“ ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს კულტურის სამინისტრომ, თავისივე ორგანიზაციაში აუდიტის ჩატარების გზით, კვლევითი ცენტრის მმართველობაზე კონტროლის დამყარება და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევა გადაწყვიტა.
საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს კვლევითი ცენტრის საქმიანობის შიდა აუდიტორული შემოწმების ძირითადი შედეგების გასაჯაროებას, რომელიც ცალსახად მოწმობს, რომ კვლევითი ცენტრი, უკვე მრავალი წელია, იმართება მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე და რომ მას, მმართველობის მხრივ, სისტემური პრობლემები აქვს.
მოცემული აუდიტორული დასკვნა სამინისტროს მიერ ასევე წარდგენილ იქნა სასამართლოში, სადაც კვლევითი ცენტრი სამინისტროს სხვადასხვა უსაფუძვლო არგუმენტით უჩივის.
კერძოდ, აუდიტორული შემოწმების შედეგების (2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) თანახმად:
▪️ 2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო შედგებოდა 11 წევრისაგან, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, კვლევით ცენტრს ევალებოდა სამეცნიერო საბჭოში ჰყოლოდა 26 წევრი. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საბჭოს ამგვარი, კანონთან შეუსაბამო შემადგენლობა კვლევითი ცენტრის სახელით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს და არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე;
▪️ 2022 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო საბჭოს ზოგიერთ სხდომას ესწრებოდა მხოლოდ 12 წევრი (26 წევრიდან), რაც სამეცნიერო საბჭოს არ აძლევდა უფლებას, მიეღო გადაწყვეტილებები. ცენტრის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომის მონაწილე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. მიუხედავად ამისა, მოცემულ სხდომებზე, არაუფლებამოსილი სამეცნიერო საბჭო მაინც მსჯელობდა და, კანონის საწინააღმდეგოდ, იღებდა გადაწყვეტილებებს კვლევითი ცენტრის სახელით, რომელიც, შეგახსენებთ, სახელმწიფო ორგანიზაციაა;
▪️ ზემოხსენებული ჩამონათვალი მხოლოდ რამდენიმეა იმ სერიოზული პროცედურული დარღვევებიდან, რომლის პირობებშიც, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო საქმიანობდა ცენტრის არაერთი მეცნიერის გვერდის ავლითა და კანონის უხეში დარღვევით;
▪️ გარდა ამისა, გამოვლინდა კვლევითი ცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების კანონშეუსაბამო, არაეკონომიური და არაეფექტური ხარჯვის შემთხვევები;
▪️ მაგალითად, 2019-2020 წლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, ცენტრს, სავარაუდო შემსყიდველის დადგენის მიზნით, საერთოდ არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, ხოლო 2021-2022 წლებში ჩაატარა მხოლოდ ნაწილობრივ, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა;
▪️ შესამოწმებელ პერიოდში, ცენტრის მიერ რამდენჯერმე ტენდერი გამოცხადდა და განხორციელდა ბაზრის კვლევის გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური, რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის პრინციპს;▪️ უფრო მეტიც, ერთ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ საკვალიფიკაციო პირობებთან შეუსაბამობის გამო, ცენტრის მიერ უნდა მომხდარიყო პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რაც კანონის პირდაპირი მოთხოვნაა. ამის ნაცვლად, ცენტრმა პრეტენდენტი გამოაცხადა ტენდერში გამარჯვებულად და ამგვარად, კანონის დარღვევით განკარგა სახელმწიფო სახსრები;
▪️ გარდა ამისა, გამარტივებული შესყიდვისას ხელშეკრულების გაფორმების ზოგიერთ შემთხვევაში, სახეზეა ფინანსური დარღვევები, კერძოდ, ცენტრმა არ გამოიყენა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი საჯარიმო სანქციები მომწოდებლის მიერ საქონლის/მომსახურების მოწოდების ვადების დარღვევების გამო. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სახსრების განკარგვისას, ამგვარი, თვითნებური „პატიების“ ინსტიტუტს არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა;
▪️ ცენტრის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების სხვადასხვა შემთხვევაში, ვერ ხერხდება დადგენა იმ სტუმრების, რომლებმაც ისარგებლეს სხვადასხვა მომსახურებით (სასტუმრო, კვება და სხვ.); ამ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით არ არსებობს ცენტრის დირექტორის ბრძანება და არ დგინდება მომსახურების პერიოდი და ადგილი;
▪️ საანგარიშო პერიოდის არც ერთ წელს, ცენტრის მიერ არ ყოფილა დაცული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ყოველწლიურად ჩატარების წესი;
▪️ ცენტრში დამკვიდრებულია უკანონო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ცენტრის მიერ მიღებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში საგრანტო თანხებით შეძენილი ფოტო და კომპიუტერული ტექნიკა საგრანტო პროექტის მონაწილე პირებს გადაეცემათ პირად საკუთრებაში. მოცემული ქმედება, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს სახელმწიფო ორგანიზაციის ქონების პირადი მიზნებისათვის გამოყენების ცალსახა ნიშნებს;
▪️ შესამოწმებელ პერიოდში წიგნადი ფონდის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ცენტრში პირველადი სააღრიცხვო ჟურნალები წარმოებულია არასწორად, ხარვეზებით (ჟურნალებში ჩანაწერები გადასწორებული და გადახაზულია), ვერ ხერხდება ჟურნალების ჩანაწერებისა და ადგილობრივი ფონდის ერთმანეთთან შედარება. ამის გამო, შეუძლებელია დადგინდეს, არის თუ არა რაიმე დანაკლისი, რაც ცენტრში მიმდინარე აღრიცხვისა და კონტროლის ნაკლოვანებაა.
აუდიტორული შემოწმების შედეგად კვლევითი ცენტრის საქმიანობაში აღმოჩენილი ზემოხსენებული ხარვეზები ცალსახად ადასტურებს კონტროლის ნაკლოვანებასა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ კვლევითი ცენტრი, არაერთი წლის მანძილზე, არაკომპეტენტურად იმართება და რომ მოცემულ სახელმწიფო ორგანიზაციას არ აქვს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა.
მასალები შემდგომი შესწავლის, მათ შორის, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირების მიზნით გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას". - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024