
ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქ მონტერეისა და მის შემოგარენში, შვიდ სხვადასხვა ადგილას გადაყრილი დასახიჩრებული ცხედრები და სხეულის მოწყვეტილი ნაწილები იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროზექტურაში ჯერ კიდევ ახდენენ დანაწევრებული სხეულების იდენტიფიცირებას, რათა მოკლული ადამიანების რაოდენობა დადგინდეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ნაპოვნია, სულ მცირე, შვიდი ცხედარი და სხეულის ნაწილებით სავსე ხუთი ტომარა.
როგორც ნუევო ლეონის შტატის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გერარდო პალასიოსმა განაცხადა, მკვლელობები, როგორც ჩანს, მეზობელ ტამაულიპასში დაფუძნებულ ნარკოკარტელის შიდა დავას უკავშირდება.
ტამაულიპასში მექსიკის ყურისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კარტელები მოქმედებს, თუმცა პალასიოსმა არ დააკონკრეტა, რომელ ჯგუფს გულისხმობდა.
”ტამაულიპასში დაფუძნებულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში „შიდა წმენდა“ მიმდინარეობს ზოგიერთი არალოიალური წევრის გამო,” - თქვა პალასიოსმა.
როგორც Al Jazeera წერს, ნარკოკარტელები მექსიკის ქუჩებში ხშირად ტოვებენ დანაწევრებულ სხეულებს, ჩვეულებრივ, ბანერებთან ერთად, რომლებითაც ისინი მაღალჩინოსნებს ან კონკურენტ ბანდებს ემუქრებიან. მსგავსი შემზარავი ინციდენტები 2010-იანი წლებშიც ხდებოდა, როდესაც ქალაქი ნარკოკარტელებს შორის ძალადობრივმა ომმა მოიცვა. ნარკოკარტელები გვამებს ქუჩებში ტოვებდნენ ან ხიდებზე კიდებდნენ.
2010-იანი წლების შემდეგ, მონტერეი სამრეწველო ცენტრად გადაიქცა და მაღალჩინოსნებმა ბაზარზე უცხოელი ინვესტორების, მათ შორის ელექტრომანქანების მწარმოებელი გიგანტის Tesla-ს, მოზიდვა დაიწყეს.
2006 წელს ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის მიზნით სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მექსიკაში 420 000-ზე მეტი მკვლელობა დაფიქსირდა - მათი უმეტესობა ორგანიზებული დანაშაულია.
0
0