08/05/2024
15:08
მსოფლიო
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც ევროკავშირში ბალკანეთის სახელმწიფოს გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტს.
ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატმა, გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ ხმების 40,08% დააგროვა, ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ, რომელიც მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, 19,93% მიიღო.
მმართველი მემარცხენე ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ იმედებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებასა და ბულგარეთის დამშვიდებაზე ამყარებს.
"ეს არჩევნები, პრაქტიკულად, მაკედონიის მომავალს განსაზღვრავს - პროგრესული საზოგადოებისკენ, ევროკავშირისკენ წავალთ თუ წარსულს დავუბრუნდებით, როდესაც იზოლირებულნი ვიყავით და ეთნიკური კონფლიქტები გვქონდა", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ.
როგორც AL JAZEERA წერს, გამოკითხვების მიხედვით, VMRO-DPMNE [მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია - დემოკრატიული პარტია „მაკედონიის ეროვნული ერთიანობისთვის“] საპარლამენტო არჩევნებში ორნიშნა უპირატესობით გაიმარჯვებს.
VMRO-DPMNE-ის ლიდერმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და მზარდ ინფლაციას დაარეგულირებს.
ჩრდილოეთ მაკედონიამ, ემიგრაციის გამო, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის დაახლოებით 10% დაკარგა. როგორც ცნობილია, 2001 წელს, ეთნიკური ალბანური აჯანყების დროს, ნატომ ჩრდილოეთ მაკედონიას სამოქალაქო ომის ზღვრიდან უკან დაახევინა და ევროკავშირსა და სამხედრო ალიანსში უფრო სწრაფ ინტეგრაციას დაჰპირდა.
2005 წლიდან ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, მაგრამ მისი საკითხი მეზობელმა საბერძნეთმა ქვეყნის სახელთან დაკავშირებული დავის გამო დაბლოკა. 2018 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების თანახმად, ქვეყნის სახელს „ჩრდილოეთი“ დაემატა და 2020 წელს სკოპიეს ნატოში გაწევრიანების საშუალება მიეცა.
0
0