04/11/2022
12:57
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ხუთშაბათს სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებზე ან სხვა ქვეყანაზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული თავდასხმა "კიმის რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს".
ეს განცხადება თავდაცვის დეპარტამენტმა რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელა, როდესაც ფხენიანმა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა - დაძაბულობა რეგიონში კვლავ გაიზარდა.
”შეერთებულ შტატებზე ან მის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება, მიუღებელია; ეს კიმის რეჟიმის დასასრულს გამოიწვევს”, - განაცხადა ოსტინმა ლი იონგ სუპთან შეხვედრისას.
ლოიდ ოსტინმა და ლი იონგ სუპმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ფხენიანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო.
როგორც ოსტინმა აღნიშნა, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა „რეგიონში დესტაბილიზაციას ახდენს“ და ფხენიანს „ამ ტიპის საქმიანობის შეწყვეტისა და სერიოზული დიალოგის დაწყებისკენ“ მოუწოდა. თუმცა, მისი თქმით, პენტაგონს რეგიონში საკუთარი პოზიციის შეცვლასთან დაკავშირებით ამჟამად რაიმე გეგმა არ აქვს.
ჩრდილოეთ კორეამ 3 ნოემბერს რამდენიმე რაკეტა გამოსცადა, მათ შორის ერთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა იყო, რომელიც ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ კორეელ კოლეგებს ფხენიანში, წინაპირობების გარეშე, შეხვედრა შესთავაზეს. ჩრდილოეთ კორეასგან ჯერ-ჯერობით შეთავაზებას დადებითი პასუხი არ მოჰყოლია.
ვაშინგტონი, სეული და ტოკიო უახლოეს მომავალში ფხენიანის მიერ მეშვიდე ბირთვული გამოცდის ჩატარებას მოელიან.
0
0