26/06/2023
14:27
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტებმა შეერთებული შტატების "იმპერიალიზმი" დაგმეს და "შურისძიების ომის" გამართვით დაიმუქრნენ. პარალელურად, ქვეყანაში კორეის ომის დაწყებიდან 73 წლის იუბილე აღნიშნებოდა.
„ანტიამერიკულ საპროტესტო აქციებში 120 ათასამდე ახალგაზრდა და მუშა-მოსამსახურე მონაწილეობდა. მომიტინგეებს კორეის მმართველი მუშათა პარტიის ხელმძღვანელებიც შეუერთდნენ,“ - იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA.
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ამერიკის მთელი კონტინენტი ჩვენი რაკეტების სამიზნეა“, „იმპერიალისტური ამერიკა - მშვიდობის მოწინააღმდეგე“.
როგორც ცნობილია, კორეის ომი 1950 წლის 25 ივნისს დაიწყო, როდესაც ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში შეიჭრა, რათა კორეის ნახევარკუნძული ფხენიანის კომუნისტური რეჟიმის ქვეშ გაერთიანებულიყო. სამხრეთ კორეაში შეჭრამ გამოიწვია სამწლიანი ომი - საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი ჩრდილოეთ კორეის ჯარები იბრძოდნენ გაეროს ეგიდის მქონე საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ, რომელსაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი შეეწირა. ომი დასრულდა დროებითი ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით.
25 ივნისს ომის დაწყებიდან 73 წლისთავის აღნიშვნას ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა მოჰყვა, მათ შორის მისი პირველი სამხედრო ჯაშუშური თანამგზავრის ორბიტაზე გადატანის მცდელობა. ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა 31 მაისს, თუმცა დაუზუსტებელ თარიღში ფხენიანი მეორე ჯაშუშური თანამგზავრის გაშვებას აპირებდა. „ჩრდილოეთ კორეას ახლა აქვს ყველაზე ძლიერი იარაღი აშშ-ის იმპერიალისტების დასასჯელად; ამ მიწაზე შურისმაძიებლებს მტრისთვის სამაგიეროს გადახდის დაუოკებელი სურვილი ჰკლავთ“, - იუწყება KCNA.
Reuters-ის ინფორმაციით, იარაღის გამოცდის წლევანდელი სერია მოიცავდა ფხენიანის გეგმებს მყარი საწვავის კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტის, სადაზვერვო თანამგზავრებისა და დრონების განვითარების შესახებ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აგრძელებს სამხედრო მოდერნიზაციის გეგმას და იარაღის უფრო მძლავრი არსენალის განვითარებას.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენების თანახმად, აშშ „ინტენსიურად ცდილობს ბირთვული ომის გაღვივებას“ და რეგიონში სტრატეგიული ძალების გაგზავნას. დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებები 2019 წლიდან შეჩერებულია, როდესაც კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული გახმაურებული სამიტი სანქციების გამო ჩაიშალა.
0
0