21/12/2023
15:47
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზა, საწვავის, სამედიცინო პერსონალისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო, ფუნქციონირებადი საავადმყოფოს გარეშე დარჩა.
”ჩრდილოეთ ღაზაში, ფაქტობრივად, ფუნქციონირებადი საავადმყოფოები აღარ არსებობს. ალ-აჰლის [ჰოსპიტალი] ერთადერთია, რომელიც მინიმალურად ფუნქციონირებს. საჭიროა ღაზადან კიდევ მეტი პაციენტის ევაკუაცია ეგვიპტეში ან სხვა ქვეყნებში სამკურნალოდ”, - განუცხადა Reuters-ს ღაზაში ჯანმოს წარმომადგენელმა რიჩარდ პეპერკორნმა.
,,ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე საავადმყოფოები „თავშესაფრად“ იქცა, სადაც ადამიანები სიკვდილს ელოდებიან. მძიმედ დაშავებული პაციენტები ჭრილობაში შეჭრილი ინფექციებისგან დაიღუპებიან. ისინი წამლების ნაცვლად, წყალს ითხოვენ, რომელიც ასევე დეფიციტშია“, - განაცხადა ჯანმოს გუნდის ხელმძღვანელმა შონ ქეისიმ.
როგორც Reuters-ი წერს, ღაზას მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე ინტენსიური ბრძოლის ფონზე, საავადმყოფოებში მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის დეფიციტია შექმნილი
20 დეკემბერს, ალ-აჰლიში ვიზიტის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გუნდებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფო გადატვირთული იყო იმ ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდათ, საავადმყოფოს ეზო კი გარდაცვლილთა სხეულებით აივსო.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ორი დღის წინ, ჩრდილოეთ ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფო ბოლო ადგილი იყო, სადაც დაშავებულებს ოპერაციები უტარდებოდათ, მაგრამ საოპერაციო განყოფილებები ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.
,,მხოლოდ ოთხი საავადმყოფო დარჩა, რომლებიც პაციენტებს უკიდურესად შეზღუდული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს,“ - დასძინა გებრეიესუსმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024