
„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ მორიგ მოღალატეობრივ ნაბიჯებს დგამს, ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება – ეს არის შესაძლებლობა მიიღო საკუთარ სამშობლოზე გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, საარჩევნო უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა.
„ივანიშვილი ამის წართმევას ცდილობს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, რომელთა დამსახურებითაც ათწლეულების განმავლობაში ხდება საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა, მხარდაჭერა მოქალაქეების, ისინი არჩენენ და ინახავენ საქართველოს მოქალაქეებს.
საარჩევნო უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს არცერთ ხელისუფალს არ მიუღია და არ უცდია, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში საქართველოდან წავიდა ასეულობით ათასი მოქალაქე, რომელიც გაექცა პოლიტიკურ დევნას, სიღარიბეს, კორუფციას და უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაში ივანიშვილმა შექმნა.
ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ივანიშვილს სწორედ ახლა შეცვალოს და გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას მოქალაქეებს ხმის უფლება მაშინ, როცა მორიგ ე.წ. სტანდარტულ სამართლებრივ პირობებში მორიგი არჩევნები წესით უნდა იყოს 2028 წლის შემოდგომაზე – ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული, ძალადობრივი მოქმედებებისა და პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განვსაზღვრავდეთ წინააღმდეგობის საერთო სტრატეგიას ივანიშვილის ძალადობრივ ხელისუფლებასთან“,- განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ მარტივად ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დამარცხება იქნება შეუძლებელი და ის რეპრესიული პირობები, რომლებსაც აყალიბებს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერ იმუშავებს. ქართველი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს და ივანიშვილს არ უშველის არცერთი რეპრესიული კანონი, რომლის მიღებასაც ის ცდილობს ან აპირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქართველ ხალხთან ერთად და განსაკუთრებით ემიგრაციასთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.
0
1