02/08/2023
12:10
პოლიტიკა
თუ სასამართლოსთან, კორუფციასთან, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები არ იქნება მოგვარებული,საქართველო დაკარგავს ისტორიულ შანსს, მაგრამ ამას "ქართული ოცნება" არ იდარდებს - გამოგვიცხადეს, რომ თურმე ჩინეთთან პოლიტიკური პარტნიორობაა მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, მათ ჩაგდებაზე ზრუნავს.
"ევროკავშირის ანგარიშს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიტყვის თავისუფლებასთან ერთად, ხელისუფლების მიტაცებასთან ერთად არის სასამართლო და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები. "ქართული ოცნების" პირობებში სასამართლოს არ აქვს დამოუკიდებლობა, იყენებენ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ჩვენ ვნახეთ არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ამაზე, რა თქმა უნდა, რეაქცია აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. თუ სასამართლოსთან, კორუფციასთან, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები არ იქნება მოგვარებული და არ შესრულდება რეკომენდაციები, საქართველო დაკარგავს ისტორიულ შანსს, მაგრამ ამას "ქართული ოცნება" არ იდარდებს. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ჩააგდოს და ნაცვლად ევროპის და ამერიკისა, გამოგვიცხადეს, რომ მათთვის ჩინეთთან პოლიტიკური პარტნიორობა ყოფილა მნიშვნელოვანი, თურმე ჩინეთის მმართველობითი გამოცდილება არის საჭირო, კომუნისტური პარტია უნდა მართავდეს თურმე ქვეყანას და არანაირი დემოკრატია მათ არ სჭირდებათ, რადგან ჩინური, რუსული "დემოკრატიის" პირობებში ივანიშვილი შეინარჩუნებს აწ და მარადის ძალაუფლებას. ეს არის მათი გათვლა და სულ არ აინტერესებთ, რას იზამს საქართველო," - განაცხადა მანჯგალაძემ.
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.
0
0