31/07/2023
14:14
ეკონომიკა
ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება კარგია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთო ინტერესებშია ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, მაგალითად ანაკლიის პროექტი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას ნდობა არ აქვს და ამიტომ ჩნდება ეჭვები.
რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, გოცირიძე აღნიშნავს, რომ ამაში ჩინეთი არ დებს ისეთივე შინაარსს, როგორსაც აშშ და მასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს ევროკავშირის ქვეყნებსაც.
"როცა ქვეყნის ხელმძღვანელობას არ აქვს ნდობა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, კარგიც კი დიდი შიშით და ეჭვით აღიქმება. პრობლემა არ არის ამ ხელშეკრულების ტექსტში, პირიქით, ეს არის კარგი. სხვათა შორის, არსად არის ნახსენები სტრატეგიული პარტნიორობა, იქ არის ნათქვამი "სტრატეგიული ურთიერთგაგების შესახებ", მხოლოდ სათაურშია გამოტანილი სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადად სტრატეგიულ პარტნიორობის შინაარსში ჩინეთი დებს უამრავ სხვადასხვა შინაარსს და ეს არ არის იმის მსგავსი, რასაც დებს აშშ. ლამის ევროკავშირის ყოველ მეორე ქვეყანას აქვს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული ჩინეთთან და მათ შორის, უკრაინასაც, ამიტომ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება არის კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ისეთი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთო ინტერესებშია ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, მაგალითად ავიღოთ თუნდაც ანაკლიის პროექტი და ა.შ. ამიტომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს სიფრთხილით, მაგრამ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ერთმნიშვნელოვნად კარგია. მსგავსი შეხვედრები სხვა ქვეყნის ლიდერებთანაც ჰქონდა ჩინეთის ხელისუფლებას, ამიტომ განსაკუთრებული შეთქმულების თეორიით ამ საკითხის განხილვა არ არის სწორი," - განაცხადა გოცირიძემ.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024