
ჩინეთში ევროკავშირის გეგმას, Made in Europe-ს აკრიტიკებენ და საპასუხო ზომების შესახებ აფრთხილებენ. ევროკავშირის ახალი წესები კომპანიებს ავალდებულებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად პროდუქციაში გარკვეული წილი ადგილობრივი კომპონენტებისგან შედგებოდეს. ეს ეხება ავტომობილებს, მწვანე ტექნოლოგიებსა და მეტალურგიას.
ევროკომისიამ წინადადება მარტში წარადგინა, მანამდე ის თვეების განმავლობაში უთანხმოების გამო ფერხდებოდა. პეკინში კანონს „სისტემური დისკრიმინაცია“ უწოდეს.
„თუ ევროკავშირი ამ კანონმდებლობას მიიღებს და ჩინური კომპანიების ინტერესებს დააზიანებს, ჩინეთს სხვა არჩევანი არ დარჩება, გარდა საპასუხო ზომების მიღებისა“,- აღნიშნეს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.
ცნობისთვის, ევროკავშირის ეს ინიციატივა ბლოკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და სამრეწველო დარგების დაცვის ფართო სტრატეგიის ნაწილია. თებერვალში ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ერთიანი ბაზრის განვითარებას დააჩქარებენ აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციის გათვალისწინებით.
0
0