10/08/2023
15:58
მსოფლიო
ახალი კვლევის თანახმად, უძველესი, 300 000 წლისწინანდელი თავის ქალა არ ჰგავს სხვა პრემოდერნული ხანის ადამიანის ნამარხს, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა.
2015 წელს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოსავლეთ ჩინეთის ჰუალონდონგის რეგიონში, თავის ქალა - კონკრეტულად ქვედა ყბა - 15 სხვა ეგზემპლართან ერთად აღმოაჩინა. ყველა მათგანი გვიანი შუა პლეისტოცენის ხანაში ცხოვრობდა.
მეცნიერები თვლიან, რომ გვიანი შუა პლეისტოცენი, რომელიც დაახლოებით 300,000 წლის წინ დაიწყო, გადამწყვეტი პერიოდი იყო ჰომინინების ევოლუციისთვის. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქვედა ყბა, რომელიც ცნობილია როგორც HLD 6-ი, არ მიეკუთვნება არსებულ ტაქსონომიურ ჯგუფს. კვლევის მიხედვით, ჩინეთში აღმოჩენილი პლეისტოცენის ხანის ჰომინინის მრავალი ნამარხის კლასიფიცირება რთული იყო და მანამდე ის ანომალიად აღიქმებოდა. თუმცა, ეს აღმოჩენა, სხვა უახლეს კვლევებთან ერთად, ნელ-ნელა ცვლის აზრს გვიანი შუა პლეისტოცენის ხანის ევოლუციური ნიმუშის შესახებ.
ქვედა ყბას [HLD 6-ის] პლეისტოცენის პერიოდის ჰომინინებისა და თანამედროვე ადამიანების მახასიათებლები აქვს. ანალოგიურად, ის ჰომო საპიენსის ქვედა ყბის ფორმისაა, რომელიც ჰომო ერექტუსიდან წარმოიშვა. HLD 6-ს ასევე უძველესი ადამიანის განსხვავებული შტოს მახასიათებელი აქვს, რომელიც წარმოიშვა ჰომო ერექტუსიდან და დენისოვანებიდან. HLD 6-ს არ აქვს ნიკაპი.
„HLD 6-ი ნიკაპის გარეშეა, მაგრამ აღენიშნება ჰომო საპიენსის სუსტად გამოხატული ტიპური თვისებები“, - თქვა ესპანეთში ადამიანის ევოლუციის ეროვნული კვლევითი ცენტრის (CENIEH) დირექტორმა, კვლევის თანაავტორმა მარია მარტინონ-ტორესმა.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ HLD 6-ი უნდა მიეკუთვნებოდეს კლასიფიკაციას, რომელსაც ჯერ სახელწოდება არ აქვს მინიჭებული და, რომ თანამედროვე ადამიანი შეიძლება ჯერ კიდევ 300 000 წლის წინ არსებობდა - აღმოსავლეთ აზიაში თანამედროვე ადამიანების გაჩენამდეც.
მკვლევარებმა ასევე განიხილეს იმ ინდივიდის ასაკი, რომელსაც ყბის ძვალი ეკუთვნოდა; ბავშვებისა და ზრდასრულების თავის ქალის ფორმები შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო. მათი აზრით, HLD 6-ი 12-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდს ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებს შესადარებლად არ ჰქონდათ იმავე პერიოდის ზრდასრული ადამიანის თავის ქალა, მათ დაათვალიერეს შუა და გვიანი პლეისტოცენის ხანის იმავე და ზრდასრული ასაკის ჰომინინის თავის ქალა და დაადგინეს, რომ მათი ფორმის ნიმუშები, ასაკის მიუხედავად თანმიმდევრულია, რაც კიდევ უფრო ამყარებს მეცნიერთა თეორიას.
მარტინონ-ტორესის თქმით, HLD 6-ის უფრო ზუსტი კლასიფიცირებისთვის მეტი მუშაობაა საჭირო.
0
0