26/11/2022
17:13
მსოფლიო
ჩინეთის სინძიანის რეგიონში, ქალაქ ურუმჩიში კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.
4-მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა შენობის დროულად დატოვება იმის გამო ვერ შეძლეს, რომ ის ნაწილობრივ ჩაკეტილი იყო, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს.
ვრცელდება კადრები საპროტესტო აქციიდან, სადაც ისმის, რომ მოქალაქეები სკანდირებენ: „დაასრულეთ ლოქდაუნი!“ დემონსტრანტების ნაწილი კი ჩინეთის ეროვნულ ჰიმნს მღერის, რომლის ერთი ფრაზა შემდეგნაირად ითარგმნება : "აღსდექით, ვინც უარს ამბობთ მონობაზე!"
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა.
ჩინეთში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტში. დაინფიცირების შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია დედაქალაქ პეკინშიც, სადაც, გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.
0
0