07/09/2023
11:28
მსოფლიო
ჩინეთში დებატები გამოიწვია კანონპროექტმა, რომლის თანახმად, „ჩინელი ხალხის სულისთვის საზიანო“ მეტყველების მანერა და ჩაცმა დასჯადი გახდება. თუ კანონი ძალაში შევა, დამნაშავეებს ჯარიმის გადახდა ან პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივაში სამართლებრივი დარღვევის კონკრეტული ტიპი ჯერჯერობით ასახული არ არის.
სოციალური მედიის მომხმარებლებმა და იურისტებმა მეტი სიცხადე მოითხოვეს, რათა თავიდან იყოს აცილებული გადაჭარბებული სააღსრულებლო წარმოება.
მცირე ხნის წინ, ჩინეთმა ათწლეულების განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც იცვამენ ან სხვებს აიძულებენ, ატარონ ისეთი ტანსაცმელი და სიმბოლოები, რომლებიც „ვნებს ჩინელი ერის სულს და გრძნობებს“, შეიძლება დაპატიმრდნენ 15 დღემდე და დაჯარიმდნენ 5000 იუანამდე ($680; £550). მათ, ვინც წერენ ან ავრცელებენ მსგავსი ტიპის სტატიებს, ასევე შეიძლება დაემუქროთ იგივე სასჯელი. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ასევე დასჯადი ხდება „ადგილობრივი გმირებისა და მოწამეების სახელების შეურაცხყოფა, ცილისწამება ან სხვაგვარი ფორმით შეურაცხყოფა“, ასევე მათი მემორიალური ქანდაკებების ვანდალიზაცია.
ტანსაცმლის ტარების წესის შესახებ კანონს საზოგადოების მყისიერი რეაქცია მოჰყვა - სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა გაარიტიკა და მას გადაჭარბებული და აბსურდული უწოდა.
„როგორ შეუძლიათ სამართალდამცავებს ცალმხრივად განსაზღვრონ, როდის არის შეურაცხყოფილი ხალხის „გრძნობები“? კიმონოს ტარება ნიშნავს ჩინელი ერის გრძნობების შელახვას ან იაპონური საკვების ჭამით სული ზიანდება? საინტერესოა, კოსტუმი და ჰალსტუხი დამამცირებელია? როდის გახდა ასეთი მყიფე ჩინელი ერის დროში გამოცდილი გრძნობები და სულისკვეთება? დასავლეთიდან წარმოშობილი მარქსიზმი ჩინეთში ჩაითვლება თუ არა ეროვნული გრძნობების შელახვად?", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი Twitter-ის მსგავს ჩინურ პლატფორმა Weibo-ზე.
ჩინელმა იურისტებმა ასევე გააკრიტიკეს კანონის ბუნდოვანი ფრაზები და განაცხადეს, რომ ის შეიძლება ღია იყოს ბოროტად გამოყენებისთვის. ჩინეთის პოლიტიკური მეცნიერებისა და სამართლის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის ჟაო ჰონგის შეფასებით, კანონში სიცხადის ნაკლებობამ შეიძლება პირადი უფლებების დარღვევა გამოიწვიოს.
გასული თვის დასაწყისში ადამიანებს, რომლებსაც ცისარტყელას პრინტით ტანსაცმელი ეცვათ, პეკინში, ტაივანელი მომღერლის ჩან ჰუი-მეის კონცერტზე დასწრების უფლება არ მისცეს.
კანონპროექტი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი (როდესაც ის 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოექცა), ხელახლა განემარტა, როგორი უნდა იყოს ჩინეთის სანიმუშო მოქალაქე. 2019 წელს, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გამოსცა „ზნეობრივი მითითებები“, რომელიც მოიცავს დირექტივებს, როგორიცაა თავაზიანობის გამოჩენა, სი ძინპინისა და მისი პარტიისადმი „რწმენა“.
0
0