სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში, ჩინეთისა და ფილიპინების სანაპირო დაცვის გემები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, ფილიპინური გემის ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა. როგორც Apnews-ი წერს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მხარეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ინციდენტი, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა (ASEAN) და ავსტრალიის ერთობლივი სამიტის მიმდინარეობის პარალელურად მოხდა, სადაც ქვეყნების ლიდერები, რიგ საკითხებთან ერთად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას განიხილავენ.
ფილიპინების ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩინეთის სანაპირო დაცვისა და თანმხლებმა გემებმა ზღვაში მდებარე სადავო მეორე თომასის მეჩეჩთან ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდსა და მასთან ერთად მცურავ მომარაგების გემებს გზა ჩაუკეტეს, რამაც ჩინურ გემსა და ორ ფილიპინურ გემს შორის ორი მცირე შეჯახება გამოიწვია. მათივე განცხადებით, პირველი შეჯახების შედეგად, ფილიპინების სანაპირო დაცვის BRP Sindangan-მა მცირე კონსტრუქციული დაზიანებები მიიღო, მეორე შეჯახება კი ერთ საათში მოხდა, როდესაც ჩინეთის სანაპირო დაცვის გემმა ფილიპინურ მომარაგების გემს ჩაუკეტა გზა.
„მოგვიანებით, მომარაგების გემს, რომლის ეკიპაჟი ფილიპინების საზღვაო ძალების პერსონალით იყო დაკომპლექტებული, ჩინეთის სანაპირო დაცვის ორი გემიდან წყლის ჭავლი ესროლეს. გემის საქარე მინა დაიმსხვრა და ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა. ფილიპინების გემების წინააღმდეგ ჩინეთის მხრიდან მიმართული ეს არაპროვოცირებული ქმედებები და სახიფათო მანევრები ჩვენი ხალხის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს,“ - ნათქვამია ტერიტორიულ დავებთან დაკავშირებით ფილიპინების მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.
ჩინეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ფილიპინური გემი ჩინეთის სანაპირო დაცვის გემს განზრახ დაეჯახა.
4 მარტს, ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ვიზიტისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ყველაფერს გააკეთებს“ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი საფრთხის სამართავად, თუმცა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური მანილა ჩინეთთან არსებული დავების გადაწყვეტას „დიალოგისა და დიპლომატიური გზით“ გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე, რომელიც ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ინდონეზიისა და ფილიპინების ეკონომიკური ზონების ნაწილებსაც მოიცავს.
0
0