
პოლონეთი ყურადღებით აკვირდება ჩინეთისა და ბელარუსის სამხედრო თანამშრომლობას. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბელარუსი და ჩინელი სამხედროები წვრთნებს პოლონეთის საზღვრის მახლობლად ატარებენ.
„ყურადღებით ვაკვირდებით გრძელვადიან თანამშრომლობას პეკინსა და მინსკს შორის და ყველა იმ ფაქტორს, რაც პოტენციურად პოლონეთის უსაფრთხოებაზე მოქმედებს“, - წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჩინეთისა და რუსეთის, ასევე ბელარუსის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებით ის შეშფოთებულია.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ე.წ. ანტიტერორისტული წვრთნების ფარგლებში მიმდინარეობს დესანტირების, მდინარის ფორსირების, და დასახლებულ რაიონებში ბრძოლის წვრთნები. წვრთნები 8 ივლისს ბრესტის ციხესიმაგრეში დაიწყო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 64 კმ-ში მდებარეობს. სამხედრო მანევრები 19 ივლისამდე გაგრძელდება. ჩინეთიდან სწავლებაში 100 სამხედრო მონაწილეობს.
„ერთობლივი ჩინეთ-ბელარუსის წვრთნები რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პოლონეთი და ბელარუსი პრობლემებს დიალოგის გზით გადაჭრიან“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ცზიანმა.
როგორც ვაშინგტონში ნატოს სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ჩინეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმის კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს.
0
0