31/07/2023
21:46
მსოფლიო
ჩინეთის ჰანჯოუს ზოოპარკს მოუხდა განემარტა, რომ მნახველებს დათვების კოსტიუმში გადაცმული ადამიანები არ იღებენ და მათი ზოოპარკის ტერიტორიაზე რეალური მზის დათვები ბინადრობენ.
როგორც BBC წერს, რეპორტიორებისთვის სპეციალურად ჩაინიშნა ვიზიტი, რომ დათვი საკუთარი თვალით ნახონ და მის რეალურობაში დარწმუნდნენ.
აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა გავრცელებული კადრები, რამაც სოციალურ ქსელების მომხმარებლები დააეჭვა, რომ ზოოპარკს დათვის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები გაჰყავდა მნახველებთან.
ეჭვები გამოიწვია მზის დათვის ორ ფეხზე დგომის მანერამ.
როგორც ზოოპარკში განმარტავენ, ეს დათვების ყველაზე პატარა სახეობაა მსოფლიოში და ისინი, დიდი ზომის ძაღლის ზომას არ აჭარბებენ.
„როცა საუბარია დათვებზე, პირველი, რაც გონებაში მოგდის - უზარმაზარი ფიგურა და განსაცვიფრებელი ძალაა, თუმცა, ყველა დათვი მონსტრი არ არის და არც შიშისმომგვრელია. მზის დათვები მსოფლიოში ყველაზე პატარა დათვები არიან“, - ნათქვამია ჰანჯოუს ზოოპარკის განცხადებაში.
ზოოპარკში აღნიშნავენ, რომ როდესაც მზის დათვი უკანა თათებზე დგას, მისი სიმაღე 1.3 მეტრია, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე გრიზლის ჯიშის დათვის სიმაღლის ნახევარია.
0
0