-share.jpg)
ჩინეთი, შესაძლოა, საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც ნეიტრალურ მხარეს, უკრაინის ომში, თუმცა ქვეყნის შიგნით მისი გზავნილი სხვა შინაარსს მოიცავს.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა" და "რუსეთ-უკრაინის კრიზისს" ომს უწოდებს, თუმცა მას არასოდეს მოიხსენიებს, როგორც „შეჭრას“.
სახელმწიფო მაუწყებელმა, CCTV-მა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მხოლოდ სამი კვირის შემდეგ, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შესახებ პირველად გააჟღერა.
ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო მედიასაშუალებებმა განამტკიცეს რუსული შეთქმულების თეორია, რომ აშშ აფინანსებს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას - ცდილობს გადამფრენი ფრინველების საშუალებით რუსეთში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელებას.
ჩინეთმა სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრის გამო არ დაგმო რუსეთი, რომელთანაც პეკინს ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვს, სამაგიეროდ, საუბრობს "უსაფრთხოების საკითხის ირგვლივ საფუძვლიან შეშფოთებაზე", რომელიც უნდა განიხილებოდეს "ყველა მხარის მიერ". მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი აღშფოთდა, ბოლო დღეებში, რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ბუჩის მცხოვრებთა დახოცვის გამო, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ ეს მოვლენები ნაკლებად გააშუქა. საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, ერთი მთავარი აზრი უცვლელი დარჩა: შეერთებული შტატები არის ბოროტმოქმედი.
რუსეთთან ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტი ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ თებერვლის დასაწყისში „საზღვრების გარეშე“ პარტნიორობა გამოაცხადა.
”ჩვენ განვიხილავთ ინფორმაციას, როგორც ორი ქვეყნის პროპაგანდის ნაწილს”, - თქვა დევიდ ბანდურსკიმ, China Media Project-ის ერთ-ერთმა თანადირექტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებსა და რუსულ სააგენტოებს შორის, როგორიცაა Sputnik-ი და Russia Today, თანამშრომლობის დიდი ისტორიაა.
აშშ-ში მოქმედი ახალი ამბების ორენოვანი ვებსაიტის, China Digital Times-ის თანახმად, ჩინური სახელმწიფო გამოცემები კრემლის ოფიციალურ პირებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას თავიანთ საინფორმაციო წყაროდ ასახელებენ და იღებენ რეგულარულ სახელმწიფო დირექტივებს, რომლებსაც ეფუძნება მოვლენების გაშუქება.
ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ მოვლენების გაშუქების კიდევ ერთი ყოვლისმომცველი თემაა აშშ-ს წარმოდგენა კონფლიქტის წამქეზებლად, რაც ჩინელი დიპლომატების და სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ნარატივის ნაწილია.
”ეს არის მარიონეტული საინფორმაციო ომი, რომელსაც აქ ჩინეთი აწარმოებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ეხება აშშ-სა და აშშ-ის მიერ კონტროლირებული საერთაშორისო სისტემის სანდოობის შელახვას,“ - თქვა დევიდ ბანდურსკიმ.
ექსპერტი ვუ მინ ჰსუანი, ტაივანში მოქმედი Doublethink Lab-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ „ისინი [მედიასაშუალებები] იყენებენ ამ კრიზისს, როგორც შესანიშნავ შესაძლებლობას, გააძლიერონ თავიანთი ხანგრძლივი ნარატივი ჩინეთის შიგნით, რათა თავს დაესხნენ აშშ-სა და ნატოს“. მაგალითად, ტაბლოიდმა Global Times-მა აშშ-სა და ნატოს აღსაწერად ჰეშთეგი - #UkraineCrisisInstigator - შექმნა და ვაშინგტონი კულისებში მომუშავე ნამდვილ აგრესორად წარმოაჩინა.
მოვლენების არასწორმა გაშუქებამ ჩინეთის შიგნით ხელი შეუწყო დისკურსს, რომელიც ძირითადად პრორუსულია. „საერთო შეხედულებაა, რომ ომი ცუდია, ამ ბრძოლაში კი ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი რუსეთს ჩინეთის ინტერესების დასაცავად, რადგან ჩინეთი იქნება დასავლეთის შემდეგი სამიზნე. ასეთი შეხედულება ერთ დღეში კი არ ჩამოყალიბებულა, არამედ დროთა განმავლობაში დაინერგა. ხალხი პუტინს თაყვანს სცემს, რადგან მას სი ძინპინგისთან საერთო აქვს. მათ ერთნაირი -ძლიერი კაცის იმიჯი და მმართველობის სტილი ახასიათებთ,“- განუცხადა „ალ ჯაზირას“ ჰონგ-კონგში მომუშავე ვეტერანმა ჟურნალისტმა, ჰუ ცინგსინმა.
ზოგიერთი ჩინური მედიასაშუალების მიხედვით, სოციალური ქსელის მომხმარებელი ბევრი ჩინელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსახიობობისა და პოლიტიკური სიბრძნის ნაკლებობის გამო დასცინის.
0
0