
ჩინეთი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გუო ჯიაკუნმა განაცხადა.
„ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება ცალმხრივი სანქციების დაწესებას, რომელთა საფუძველს საერთაშორისო სამართალი არ წარმოადგენს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ არ არის ავტორიზებული“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
გუო ჯიაკუნი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებასაც გამოეხმაურა, რომელიც სანქციების დაწესებას ჩინური კომპანიების წინააღმდეგაც ითვალისწინებს.
„ჩინეთი უკმაყოფილოა, რადგან ის უკრაინის კრიზისის არც შემქმნელია და არც მისი მონაწილეა. ევროპულ მხარეს არ აქვს უფლება, რომ ჩინურ და რუსულ კომპანიებს შორის ნორმალური გაცვლებისა და თანამშრომლობის შესახებ განცხადებები გააკეთოს. ევროკავშირმა ჩინეთისგან პრობლემების შექმნა უნდა შეწყვიტოს“, - აღნიშნა ჯიაკუნმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. ასევე, დასანქცირებულია „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ 34 შვილობილი კომპანია.
ამასთან, ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო, რომელიც შეზღუდვებს აწესებს რუსული ბანკების, კრიპტო ბირჟების და ინდოეთსა და ჩინეთში არსებული სუბიექტების წინააღმდეგ. ასევე, სანქციების მე-19 პაკეტი ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
0
0
წყალტუბოში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
23/10/2025