
ჩინეთის ბირთვული ძალა არავითარ შემთხვევაში არ არის აშშ-ის ან რუსეთის დონის, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მუშაობდეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ბირთვული განიარაღების გეგმაზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა, რომ ამჟამად ჩინეთისთვის მოლაპარაკებებში ჩართვის თხოვნა არაგონივრულია.
„ჩინეთის ბირთვული ძალა არავითარ შემთხვევაში არ არის აშშ-ის ან რუსეთის დონის. ამჟამად, არ არის სამართლიანი, გონივრული ან რეალისტური ჩინეთისთვის ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის თხოვნა. მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალის მქონე აშშ-მა გულმოდგინედ უნდა შეასრულოს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ბირთვული განიარაღების საკითხში, არსებითად შეამციროს ბირთვული არსენალი და შექმნას პირობები სრული და საფუძვლიანი ბირთვული განიარაღების რეალიზაციისთვის“, – განაცხადა ნინგმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მსოფლიოში ნომერ პირველი ბირთვული ძალაა, მეორე ადგილზე რუსეთია, ხოლო მესამეზე ჩინეთი.
0
0