13/03/2023
15:52
მსოფლიო
„ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთში ჩასვლას მოსალოდნელზე ადრე, მომავალ კვირას გეგმავს,“- წერს Reuters-ი. გამოცემამ აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ახლახან კი, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი ვიზიტების შესახებ განცხადებების გაჟღერება, ჩვეულებრივ, კოორდინირებულია.
„როგორც წესი, ოფიციალური საგარეო ვიზიტები სინქრონულად ანონსდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. როცა იქნება ასეთი მზადყოფნა, შეგატყობინებთ“, - განაცხადა პესკოვმა.
როგორც ცნობილია, ჩინეთმა და რუსეთმა „ულიმიტო“ პარტნიორობა დაამყარეს 2022 წლის თებერვალში, როდესაც ვლადიმერ პუტინი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პეკინს ეწვია - უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამდე ერთი კვირით ადრე.
ორივე მხარე კვლავ ადასტურებს ქვეყნებს შორის კავშირების სიმტკიცეს იმ ფაქტით, რომ სი ძინპინი, გაპრეზიდენტების შემდეგ, კრემლის ლიდერს პირადად 39-ჯერ შეხვდა. პუტინისა და ძინპინის ბოლო შეხვედრა, სექტემბერში, ცენტრალური აზიის პრეზიდენტების სამიტის დროს შედგა.
0
0