26/12/2022
13:13
მსოფლიო
ევროკავშირში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ პეკინს „თავისი მეგობრების გამორჩევა არ სურს“ და ის "ძალიან რთულ მდგომარეობაშია" უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის გამო.
როგორც South China Morning Post-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას ფუ კონგმა განაცხადა, კონფლიქტმა (რომელსაც მან "ე.წ. სპეცოპერაცია", იგივე "უკრაინის კრიზისი" უწოდა) ჩინეთ- ევროკავშირის ურთიერთობები დააზარალა.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს კრიზისი, პარალელურად, ჩინეთისთვისაც საზიანოა. რუსეთიც და უკრაინაც [ჩვენი] კარგი მეგობრები არიან, ამიტომ არ გვსურს მეგობრების გამორჩევა. ეს არის ჩვენი პოზიციის საწყისი წერტილი“, - განაცხადა ელჩმა.
ფუ კონგმა დასძინა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრიდან მეორე დღეს, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და "ცალსახად დაუჭირა მხარი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზების ძიებას".
ელჩმა უარყო ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის რაიმე სამხედრო დახმარების გაწევა და თქვა: „უნდა აღიაროთ, რომ სინამდვილეში, ჩვენი პოზიცია საკმაოდ დაბალანსებული იყო; ასე, რომ ჩვენ მზად ვართ, შევუერთდეთ ნებისმიერ სამშვიდობო ძალისხმევას“.
როგორც ცნობილია, ჩინეთი თავს არიდებდა უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის ღია კრიტიკას. მიმდინარე თვის დასაწყისში კი ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ „ის მხარს უჭერს ომის დასრულებას სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით“.
0
0