22/12/2023
12:30
მსოფლიო
ჩინეთის ხელისუფლება სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ქალაქ გუგანგში მდებარე საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს იძიებს, სადაც ქირურგმა პაციენტს ოპერაციის ჩატარების დროს მუშტი დაარტყა.
საავადმყოფოს მშობელმა ორგანიზაციამ Aier China-მა, ქირურგს საქმიანობის უფლება შეუჩერა და ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც BBC-ი წერს, თვალის ოპერაციის დროს, ქირურგმა პაციენტს თავში, სულ მცირე, სამჯერ ჩაარტყა.
Aier China-მ, რომელიც თვალის კლინიკების ქსელს ოპერირებს, განაცხადა, რომ პაციენტი 82 წლის ქალი იყო და „ადგილობრივი ანესთეზიის გამო, ოპერაციის დროს აღენიშნებოდა აუტანლობა“. პაციენტს მხოლოდ ადგილობრივ დიალექტზე საუბარი შეეძლო და ექიმის გაფრთხილებებზე რეაქცია არ გამოუხატავს. ქირურგი "მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს უხეშად ეპყრობოდა". ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, პაციენტს შუბლზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
,,ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა და კომპენსაციის სახით 500 იუანი (70$) გადაიხადა. ახლა დედა მარცხენა თვალით ბრმაა, თუმცა გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა ეს ინციდენტს,“ - განუცხადა ადგილობრივ მედიასაშუალებებს პაციენტის ვაჟმა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა ჩინელმა ექიმმა აი ფენმა გაავრცელა. აი ფენი იმ ექიმთა ჯგუფს შორის იყო, რომელმაც საზოგადოებას ვუჰანის პროვინციაში კორონავირუსის თავდაპირველი აფეთქების შესახებ აცნობა.
0
0