19/11/2024
13:20
მსოფლიო
ჩეხეთის საიდუმლო სამსახურის უფროსმა მიხალ კუდელკამ რუსეთი ჩეხეთისა და სლოვაკეთის სკოლებში ბომბების დამონტაჟებით მუქარაში დაადანაშაულა.
ჩეხეთის პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, კუდელკამ ჩეხეთის ინსტიტუტებზე კიბერთავდასხმების განხორციელება დაგმო და ისინი ევროპის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ დივერსიად შეაფასა.
„კიბერსივრცეში განხორციელებული ოპერაციები ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებულ ობიექტებზე პირდაპირ თავდასხმებს უკავშირდება… მაგალითად, აღსანიშნავია, სექტემბრის მუქარის წერილები ჩეხეთისა და სლოვაკეთის რამდენიმე სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების განთავსების შესახებ, რომლის უკან ასევე აშკარად ჩანს რუსული კვალი. ჩვენ ბოროტების ერთგვარი გლობალიზაციის მოწმენი ვართ, სადაც ბოროტების ღერძის ქვეყნები - რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა - მხარს უჭერენ, ავსებენ და ეხმარებიან ერთმანეთს მიზნების მიღწევაში. ამიტომ ჩვენ ვართ მოწმენი ფენომენის, რომელიც ძალიან სერიოზული და საშიშია“, - განაცხადა კუდელკამ.
როგორც Politico წერს, სექტემბრის დასაწყისში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ასობით სკოლამ მიიღო გაფრთხილება შენობებში ბომბების არსებობის შესახებ, რის გამოც საგანმანათლებლო დაწესებულებები რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკეტა. გამოძიებით დადგინდა, რომ საფრთხის საფუძველი არ არსებობდა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიებზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩენილა.
0
0