11/05/2022
20:38
ომი უკრაინაში
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია პრაღაში უკრაინის ელჩზე ევგენ პერებიინისზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსული არმია უკრაინაში სჩადის. მიღებული რეზოლუცია ასევე შეიცავს მხარდაჭერას ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – დაწერა ელჩმა „ტვიტერზე“.
თავის მხრივ, ჩეხი სენატორების თქმით, რუსეთი უკრაინაში უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და საერთაშორისო კონვენციებს.
სენატმა დაგმო რუსეთის მიერ ჩადენილი მრავალი სამხედრო დანაშაული უკრაინის ქალაქებში – ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპენსა და მარიუპოლში, რომელიც მოწმობს მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს, ასობით ათასი ადამიანის მასობრივ სიკვდილით დასჯასა და დეპორტაციას.
სენატმა დაგმო ეთნიკურად მოტივირებული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც რუსეთი სისტემურად და მასშტაბურად სჩადის და ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნა, რომ ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის გამოვლინებაა.
10 მაისს ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად, ხოლო რუსეთს, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ და განმახორციელებელ სახელმწიფოს.
ასევე, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა განცხადება, რომელშიც აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებს როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და ამ დანაშაულების გამოძიების მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის.
0
0