09/04/2024
16:25
სპორტი
დიუსელდორფში ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მთავარი მწვრთნელების შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის მთავარი ჯილდო ფეხბურთელების სიხარულის ნახვაა.
სანიოლი ამბობს, რომ მას არასდროს დაავიწყდება ის, თუ როგორ ზეიმობდა მთელი საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან დიდი ემოციაა, მით უმეტეს, როცა პირველადაა. ეს ჩვენთვის სიახლეა და ძალიან ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. ეს ნიშნავს, რომ ვუახლოვდებით მაღალ დონეს. საქართველოში ამას რამდენიმე ათეული წელი ელოდნენ და სასიამოვნოა ერთად ზეიმი, არა მარტო საფეხბურთო სამყარო, არამედ მთელი ქვეყანა ზეიმობდა, ახალგაზრდები, მოხუცები, ყველამ ერთად აღნიშნეს და ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება.
ეროვნული გმირი? არა, არა. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი ფეხბურთელების, ფედერაციის მუშაკების გახარებული ნახვა ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.
ჩვენი ამბიცია ისაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. როდესაც მეტოქედ საბერძნეთი გვერგო, ჩვენ თავს ვუთხარით, რომ მათ ევროპის ჩემპიონატი მოგებული ჰქონდათ, ჩვენ კი, იქ არასდროს გვითამაშია. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ყურადღება არ მიაქციონ შედეგს, არამედ მხოლოდ თამაშს და ასე შეიძლება კარგი სიურპრიზები მიიღონ.
„ბაიერნი“? თამაშის ყურებას ჩემს შვილთან ერთად ვაპირებ და ვისიამოვნებთ, რადგან „ბაიერნი“ მოიგებს. რატომ? იმიტომ, რომ „ბაიერნი“ ყოველთვის იმარჯვებს. უფრო სერიოზულად კი, იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. მე იქ აღარ ვარ, მაგრამ ვრჩები „ბაიერნის“ ყველაზე დიდ გულშემატკივრად. ვფიქრობ, ცუდი სეზონი მათ დაეხმარებათ, რადგან დაფიქრდებიან, რა მოხდა, რა ვქნათ და როცა „ბაიერნი“ რაღაცებს ცვლის, ამას ყოველთვის პოზიტივი მოაქვს“, - განაცხადა სანიოლმა.
0
0