
ჩემთან ძალიან ახლოს არის მმართველი გუნდის ფასეულობები, შევეცდები, სამგორელების ხმა ვიყო საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ სამგორის ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა სარწმუნოებისა და ადათ-წესების დასაცავად.
„უპირველესად ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა გამოწვევაა ჩემთვის ეს და შევეცდები ამ გამოწვევას გავართვა თავი. ვიტყოდი იმას, რომ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან და უალტერნატივოა ის მშვიდობა, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება. შევეცდები, რომ სამგორის რიონელების ხმა ვიყო და მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მათი ხმა საკანონმდებლო ორგანომდე მივიტანო. პორტი რა თქმა უნდა გვასწავლის ბრძოლის ჟინს, გამარჯვებისკენ სწრაფვას და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მთელი ცხოვრება სპორტში ვიყავი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული. აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება და ა.შ. რეალურად ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, რადგან უამრავი ძალისგან ხდება ამ ყველაფრის შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ყველას ჩართულობა საჭიროა, არ აქვს მნიშვნელობა ეს სპორტსმენი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ადამიანი უნდა გაერთიანდეს ამ სულისკვეთების გარშემო.
ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ნერვიულობაც ახლავს, მაგრამ მგონია, რომ თავს გავართმევ. სპორტი გვაძლევს იმის საშუალებას, ძალასა და ენერგიას, რომ ყველა დაბრკოლებას, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ ცხოვრებაში“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.
0
0