
გამარჯვების სიხარულს გემო რომ გაუგო, 5-6 წლის ბიჭი იქნებოდა. მაშინ ცდილობდა, დედა და მამა გაეხარებინა, მათთვის ბედნიერების ემოცია ეჩუქებინა. გაიზარდა და მისი გამარჯვების სიხარულის გამზიარებელი მთელი საქართველო გახდა. მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ქართულ კრივს 24-წლიანი პაუზის შემდე ოლიმპიური მედალი მოუტანა. ლაშას საგულშემატკივროდ პარიზში მეუღლემ - მარიამ მუმლაძემ ჩააკითხა და მხარდაჭერის ორიგინალური ფორმით იქ მყოფი საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია.
ლაშა გურული ქართველი მოკრივე, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორია. ბოლო სამი წლის განმავლობაში გურული თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს გამორჩეული მოკრივეა განსაკუთრებული სტილითა და იმ დამაჯერებლობით, რასაც რინგზე თითოეული შეხვედრისას აჩვენებს, მოწინააღმდეგეებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა. ის 2021 და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2022 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორია. 2023 წელს ის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
ლაშა გურულმა და მისმა მეუღლემ, მარიამ მუმლაძემ, საკუთარი ცხოვრების შესახებ “გზასთან” ისაუბრეს:
ლაშა: ჯერ ყველაფერი ბოლომდე კიდევ ვერ გავაანალიზე. მინდა დავისვენო და სამომავლო გეგმა გავწერო. ახლა კი სიამოვნებას ვიღებ ჩემი ხალხისგან - იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან, მილოცავენ, მეფერებიან, მაფასებენ. ბავშვობიდან ვოცნებობდი ოლიმპიადაზე გამოსვლაზე. წლების განმავლობაში, ტელევიზიით ყველა ოლიმპიადას ვუყურებდი, კრივს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი. 2000 წლის შემდეგ ქართველებს ამ სპორტში ოლიმპიური მედალი არ გვქონდა აღებული, ეს მე შევძელი და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს მედალი ჩემთვის ოლიმპიური ჩემპიონობის ტოლფასია. მიხარია და ბედნიერი ვარ, მედალი რომ ავიღე. ამავე დროს, ვერ მაკმაყოფილებს ეს შედეგი. ჩემი მომავალი გეგმა დამოკიდებული იყო, ამ ოლიმპიადაზე რას მივაღწევდი. მაქვს სურვილი, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში მივიღო მონაწილეობა და ოქროს მედლისთვის ვიასპარეზო.
მარიამი: როდესაც ლაშას გვერდით ვარ და მაქვს შესაძლებლობა, ტრიბუნიდან გავამხნევო, ეს ემოციურად ჩემთვის გაცილებით ადვილია და ბევრად მშვიდად ვარ. როცა მის ასპარეზობას ეკრანიდან ვუყურებ, უფრო ვნერვიულობ, ეს მეტად მიჭირს. ჩემთვის მთავარი იყო, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე ლაშას გვერდით ვყოფილიყავი და გამემხნევებინა.
ლაშა: მე და მარიამი სულიერად ძალიან ახლო ადამიანები ვართ. დაგეგმილი გვქონდა, როდესაც საპრიზო ბრძოლა მექნებოდა, მარიამი ჩამოვიდოდა და ოლიმპიურ თამაშებს დაესწრებოდა. რინგზე რომ გავდივარ, კამერები მიღებს, ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ, ახლა მარიამი ეკრანიდან მიყურებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი იქვე ახლოს, ტრიბუნაზე მეგულება, ამაზე აღარ ვფიქრობ, ბრძოლაზე მეტად კონცენტრირებული ვარ.
მარიამი: ერთმანეთს ემოციებს დღესაც ძველებურად ვუზიარებთ. ამ წლების განმავლობაში, ორივე ერთნაირად ვვითარდებოდით. ფსიქოლოგიურად და ემოციურად ერთმანეთთან კავშირი სულ გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ლაშა სპორტსმენია და ზოგჯერ ჩემგან შორს ყოფნა უწევდა.
წელს უნივერსიტეტი დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის მიმართულებით. გავიარე პრაქტიკები, ახლა ვისვენებ და სექტემბრიდან დავიწყებ საკუთარი თავის ძიებას კარიერული მიმართულებით. პერიოდულად მაქვს გადაღებებიც, ასევე ვმუშაობ ტანსაცმლის ბრენდზე. ამ საქმეში მალე ლაშაც შემომიერთდება.
8-9 წელია, რაც თმას ვიპარსავ. ხშირად აინტერესებთ, რატომ ვირჩევ ამ ფორმას, ზოგჯერ ჰეითიც მოდის. ძალიან ცუდი და დაუმორჩილებელი თმა მაქვს. ერთ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გადამეპარსა. ეს იმიჯი კარგად მოვირგე. დაახლოებით 5 წელია, სხვადასხვა ბრენდის წარწერებს ვიკეთებ, მაქვს კომერციული შემოთავაზებები და ჩემს თავს ვიყენებ, როგორც რეკლამის საშუალებას. "პინტერესტის" მეშვეობით უცხოურ სალონებზე ვმუშაობ, რომლებიც ჩემს ნამუშევრებს აზიარებენ. რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში აუცილებლად გავიკეთებდი მეუღლის მხარდასაჭერ წარწერას, მისი გვარი დავიწერე და უკვე სამი თვეა, ეს ფორმა მაქვს შერჩეული. ძალიან ვამაყობ და მომწონს.
ჩემს მშობლებს ხშირად ეუბნებოდნენ, - შენს შვილს მიხედე, თმა როგორ აქვსო. მშობლები პასუხობდნენ, ჩემი შვილი კარგად იქცევა, ვინმეს ცუდს თუ გაუკეთებს, ბოროტებას თუ ჩაიდენს, შეგიძლიათ მოხვიდეთ და მითხრათ, მისი ვიზუალი კი მისი პირადი საქმეაო.
ლაშა: ერთ რამეს დავამატებ, ინტერნეტსივრცეში ჩვენზე რა ფოტოები თუ ინფორმაციაც დევს, გამოხმაურებების 95% არის დადებითი და პოზიტიური, 3% ძალიან არაადეკვატური შეფასებაა. წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. არავის შესაფასებელი არავინ არის, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველამ თავი უნდა შეიკავოს. როცა ცნობილი ხდები, ამას თან ახლავს ცოტა ჰეითი, მაგათ არ უნდა აჰყვე, მაგრამ ჩემს პირადს არავინ უნდა შეეხოს. ჩემზე დაწერილი რაღაც შეიძლება კიდევ გავატარო, მაგრამ მარიამზე რომ რამეს არასწორად დაწერენ, არ გავატარებ, თან ბიჭი რომ წერს. ყველა სიტყვას და ქმედებას სჭირდება ახსნა, განმარტება. მქონდა შემთხვევა, რამდენიმეს დავურეკე. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც დავურეკე. ყველამ თავი იმართლა, ჩემმა შვილმა, შვილიშვილმა აიღო ტელეფონი და მან დაწერაო. შენს დაიკოზე, შენს დედიკოზე მსგავსი რამ ვინმემ რომ დაწეროს, რას იზამ-მეთქი? ამ ადამიანებს სათქმელი არაფერი აქვთ.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზაში"
0
0
ჭიათურაში მაღაროელები აქციას მართავენ
04/03/2025