05/12/2024
15:47
პოლიტიკა
ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ომბუდსმენი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებსაც გამოეხმაურა და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.
„მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობას. პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია. საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ და ასეთ პირობებში, დაპირისპირება სოციუმის ყველა რგოლში აღწევს. ამ დროს ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გააჩნია, მაგრამ ჩვენ, როგორც ამ საზოგადოების ნაწილს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების აზრის ფორმირებას, მათ უნდა გაავრცელონ ობიექტური და სიძულვილის ენისგან დაცლილი ინფორმაცია. ასევე, ინდივიდუალურ დონეზე, სადაც გამოვთქვამთ ჩვენს აზრს, ის არ უნდა იყოს გაჟღენთილი სიძულვილის ენით, სხვისი დაკნინებისა და დამუნათების სურვილით. ჩვენ ყველანი, მათ შორის საჯარო მოსამსახურეები თანასწორი ვართ კანონის წინაშე. ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია დაიცავს ეს ფუნდამენტური უფლებები. რაც შეხება გუშინ მედიით გავრცელებულ კადრებს, სადაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.
მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, ბაღდადში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ბაკურიანში, ხაშურში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამოქალაქო კლინიკებში“, - განაცხადა იოსელიანმა.
0
0