
შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო 24 საათში იდენტიფიცირებულია სამი ცხედარი.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იდენტიფიცირებულები იყვნენ, სოფელ ლაგვანთის მკვიდრები, ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა, თუმცა, გარდაცვლილების ოჯახის წევრები ნიკა ჩალაძის იდენტიფიცირების ფაქტს არ ადასტურებენ.
“დნმ-ის შემოწმების შემდეგ ამ დროისთვის, ჯერჯერობით დადასტურებულია თემურ ჩარკვიანისა და დიტო ფირცხალავას გარდაცვალება, რომლებიც სოფელ ლაგვანთში ცხოვრობდნენ. ნიკას შესახებ ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მიგვიღია. სამივე ერთად იმყოფებოდა შოვში, სამუშაოებზე. ისინი მეგობრები და ნათესავები იყვნენ ერთმანეთის”, - აცხადებენ სოფელში.
"თემური და დიტო ამოიცნეს, ჯერჯერობით, ნიკა არა. მე როგორც ვიცი, ჩემი თემური ხიდთან ამოიყვანეს, წყალმა წამოიღო ცხედარი, ამიტომაა შენახული ალბათ. ისეთ ადგილზე იყო, რომ გადარჩენის შანსი არ იყო. ვრეკავდი ისტერიულად ზარი გადიოდა, მაგრამ მიუწვდომელიაო მეუბნებოდა, რაღაც მომენტში ტელეფონი იჭერდა მერე შეწყდა კავშირი,"- აცხადებს ერთ-ერთი დაღუპულის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა 26 გარდაცვლილთაგან 23-ის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია:
"[სამი ცხედარია იდენტიფიცირებული, რომლებიც ერთი სოფლიდან არიან, ადასტურებთ?] დიახ, ვადასტურებ. დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 უკვე იდენტიფიცირებულია. რა თქმა უნდა, ძბენის სამუშაოები გრძელდება, საქართველოს პრემიერმინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის", - თქვა რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძე.
0
0