15 სექტემბერს UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, შონ ო'მალი ტიტულის დაცვას მერაბ დვალიშვილთან შეეცდება. ბრძოლის მოახლოვებასთან ერთად დაძაბულობა სპორტსმენებს შორის მატულობს და ერთმანეთის მიმართ "მწარე სიტყვებს" არ იშურებენ.
ამ მხრივ განსაკუთრებით შონ ო'მალი გამოირჩევა, რომელიც ამბობს, რომ მერაბის გამო თავს ცუდად გრძნობს, რადგან იცის, რომ ქართველი მასთან დამარცხდება, თანაც ნოკაუტით.
"ის ჩემთვის უბრალოდ მორიგი ოპონენტია. ამ ბრძოლას ნოკაუტით დავასრულებ და "შუგა შოუსთვის" ეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იქნება. მერაბის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ასე ახლოს ქამართან არასდროს ყოფილა და ახლა ჩემს გამო ვერ აიღებს. ოქტაგონზე მერაბს სულელად წარმოვაჩენ. ისე ვცემ, რომ ყველას დამწყები ეგონოს. ამის შემდეგ არც კი ვიცი UFC-ში რამდენი ხანი იქნება", - ამბობს შონ ო'მალი.
მანამდე შონმა X-ზე ქართველი მებრძოლების, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:

"ილია, მერაბ, საქართველოში ყველანი უსუსურები ხართ?" - წერდა ო'მალი. მის ამ პოსტს მერაბმაც უპასუხა.
"ჩემი შეურაცხყოფა ერთია - ჩვენ პროფესიონალები ვართ, ყველაფერს ოქტაგონზე გადავწყვეტთ. მაგრამ, შენ უკვე ზღვარი გადაკვეთე. ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებ", - აღნიშნა მერაბმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მერაბი UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის კრიტიკის ობიექტია. საქმე ისაა, რომ მერაბმა ვარჯიშის დროს მცირე ტრავმა მიიღო წარბთან, სპორტსმენმა "ინსტაგრამზე" ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც მერაბის ტრავმა ჩანდა. დანა უაითმა კი მერაბის ეს ნაბიჯი არასწორად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლი "სულელურად მოიქცა აღნიშნული ვოდეოს გამოქვეყნებით, რადგან ეს მის ოპონენტს აძლევს ხელს".
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა თუ როგორ იხსნიდა მერაბი საკუთარი ხელით, მაკრატლით ნაკერებს. დანა უაითს არც ეს ვიდეო დაუტოვებია უყურადღებოდ.
"მგონი, მერაბი ამას სპეციალურად მიკეთებს. გინახავთ ნაკერებს როგორი მაკრატლით ამუშავებენ?! პატარა მოწყობილობით, რომელიც ჭრილობას დამატებით არ გაგიღიზიანებს. ამ კაცმა კი მებაღის მაკრატელი გამოიყენა. ასეთებს ბუჩქების გასაკრეჭად იყენებენ", - აღნიშნა UFC-ის პრეზიდენტმა.
0
0