23/12/2024
20:18
პოლიტიკა
ჩვენი ამოცანა არის ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსი არის დასავლეთისკენ და ამასვე ითხოვენ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ პროტესტში. აქედან გამომდინარე, როდესაც ფუნდამენტურ საკითხში არ გვაქვს პრინციპული განსხვავება, შეგვიძლია, დიალოგის რეჟიმში მეტად მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„ამ შემთხვევაში, განსხვავება გვაქვს იმ გზასა და მეთოდზე, თუ როგორ ვაღწევთ ამ შედეგს. ვფიქრობ, რომ დიალოგის რეჟიმში შეიძლება ჩვენს საზოგადოებას მეტად ავუხსნათ და დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამავე დროს, პირველმა ვიცე-პრემიერმ საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებას უფრო მეტად გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა არის წარმატებისკენ მიმავალი გზა. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ეფექტიანი დიპლომატიით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ, საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად, ვაჩვენებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში საზოგადოების ნაწილს, მათ შორის, ბიზნესის წარმომადგენლებს აწუხებს ქვეყნის პოტენციური იზოლაცია.
„ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი, პირიქით, საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
0
0