
90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოცვაზე გამოსვლისას, ტიბეტური ბუდიზმის ნობელის პრემიის ლაურეატმა სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ მომდევნო დალაი ლამას არჩევა უნდა დარჩეს რელიგიურ, სულიერ და არა პოლიტიკურ საკითხად და ის უნდა აღიარონ წარსული ბუდისტური ტრადიციების შესაბამისად.
დალაი ლამას განცხადებით, საუკუნოვანი ტიბეტური ბუდისტური ინსტიტუტი მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდება. როგორც BBC-ი წერს, ამით დასრულდა მრავალწლიანი სპეკულაციები, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც დალაი ლამამ თქვა, რომ შესაძლოა ის ყოფილიყო უკანასკნელი ადამიანი, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს.
დალაი ლამა ამტკიცებდა, რომ მისი მემკვიდრე ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაიბადებოდა. პეკინი, რომელიც მას სეპარატისტად მიიჩნევს, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩინეთის მთავრობას აქვს დალაი ლამას რეინკარნაციის პროცესის ზედამხედველობისა და ნებისმიერი მომავალი დალაი ლამას არჩევის კანონიერი უფლება.
ტიბეტელი ბუდისტები თვლიან, რომ დალაი ლამას შეუძლია აირჩიოს სხეული, რომელშიც ის რეინკარნაციას გაივლის, რაც 1587 წელს ინსტიტუტის შექმნიდან 14-ჯერ მოხდა. ტენზინ გიაცო 1940 წელს დალაი ლამას მე-14 რეინკარნაცია გახდა. ის ტიბეტიდან გაიქცა, როდესაც ჩინეთის ჯარებმა ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში აჯანყება ჩაახშეს და მას შემდეგ ინდოეთის ქალაქ დჰარამშალაში, ემიგრაციაში, ცხოვრობს.
„დალაი ლამას ინსტიტუტი გაგრძელდება და მომავალი დალაი ლამას ძიება წარსული ტრადიციების შესაბამისად უნდა განხორციელდეს,’’ - თქვა ტენზინ გიაცომ.
ტიბეტსა და ემიგრაციაში მყოფი ტიბეტელი ბუდისტების უმეტესობა ეწინააღმდეგება ჩინეთის მიერ ტიბეტზე მკაცრი კონტროლის დაწესებას.
0
0