09/01/2023
20:09
სპორტი
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე ფრიად უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა.
მას ბოდიშის მოხდა მოუწია იმ კომენტარის გამო, რომელიც ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით გააკეთა.
RMC Sport-თან ინტერვიუში ფრანგული ფეხბურთის პრეზიდენტმა თქვა: "ზიდანი შეიძლება ბრაზილიის ნაკრებში დაინიშნოს? ჩემთვის სულერთია. რომ დამირეკოს რას ვიზამ? შანსი არ აქვს - არც კი ვუპასუხებ".
რატომ ასე უხეშად? რამ გააბრაზა ასე მოსიე ლე გრე? არსებობს ეჭვი, რომ ზიდანმა უარი თქვა საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაზე და ფეხბურთის ფედერაცია იძულებული გახდა, კონტრაქტი გაეგრძელებინა დიდიე დეშამისთვის.
ლე გრეს სიტყვებს მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა. ზიდანს გამოესარჩლა "რეალი", რომლის პრესსამსახურმა სპეციალური განცხადება გააკეთა:
"ძალიან ვწუხვართ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოელ ლე გრეს სიტყვების გამო, რითაც მან უპატივცემულობა გამოხატა მსოფლიოს სპორტის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის, ზინედინ ზიდანის მიმართ.
ველით, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ბოდიშს მოიხდის. ზინედინ ზიდანი, როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, როგორც უამრავი ტიტულის მომგები, საფეხბურთო ფასეულობების განსახიერებაა", - ნათქვამია "რეალის" განცხადებაში.
საინტერესო უნდა ყოფილიყო თავად ზიდანის საპასუხო რეაქციაც, თუმცა, "ეკიპის" ინფორმაციით, "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ამ თემაზე ახლო მომავალში არანაირი განცხადების გაკეთებას არ აპირებს. ლე გრემ კი, ამასობაში, ბოდიში მოიხადა:
"მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემი გამონათქვამების გამო. ეს არ გამოხატავს არც ჩემს აზრებს და არც - დამოკიდებულებას ზინედინ ზიდანის მიმართ.
არ უნდა მიმეცა ინტერვიუ, რომელშიც, ფაქტობრივად, დავაპირისპირე ერთმანეთთან დიდიე დეშამი და ზინედინ ზიდანი - ფრანგული ფეხბურთის ეს ორი მონუმენტური ფიგურა.
ვაღიარებ, რომ ჩემი გამონათქვამები იყო უხერხული, რაც გაუგებრობის მიზეზი გახდა. ზინედინ ზიდანმა კარგად იცის, როგორ პატივს ვცემ", - ამბობს ლე გრე.
წყარო: lelo.ge
0
0