
“საქართველოს ბანკის” ძარცვაში ბრალდებული, ბადრი ესებუა, პატიმრობაში მყოფ ძმას “უკანონო პატიმარს” უწოდებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ბადრი ესებუამ ტვ “პირველის“ გადაცემა ”შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში დაწერა.
"სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა, მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი, ხან სოხუმში, ხან ბათუმში.
თუ რატომ წავედი შეიარაღებული ძალებიდან ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ, ოღონდ ახლა არა, ახლა ერთადერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩემი ძმა უკანონო პატიმარია და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. მათ კითხვები აქვთ ჩემთან, ამიტომ თუ რამე უნდათ მე მკითხონ და ჩემი ძმა გაათავისუფლონ“,- დაწერა ბადრი ესებუამ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
0