
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია რადიო თავისუფლების პოდკასტში „2150“ ამბობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
"ჩემი აზრით, უნდა მიიღოს ოპოზიციამ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა", - ამბობს ალასანია, ამასთან აღნიშნავს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება "ცვლილებების არჩევნები".
"ვერ ვიტყვი, როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყველა ვარიანტში შედგება და ამისთვის საზოგადოება სერიოზულად უნდა მოემზადოს. ყველა ვარიანტში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება ცვლილებების არჩევნები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მანვე ისაუბრა უწყვეტ საპროტესტო აქციებზე და თქვა, რომ მისი აზრით, "რაღაც ეტაპზე" ეს "პოლიტიკურ პროცესში უნდა გადაიზარდოს".
"მე მგონია, რომ რაღაც ეტაპზე ქუჩის აქციები უნდა გადაიზარდოს რაღაც მოლაპარაკებაზე და გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში. აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულ მიზნებზე და იმედი მაქვს, ასეც მოხდება". - ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ეს? - ალასანია პასუხობს: "თუნდაც შემდეგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთობლივი მზადება და არჩევნებისთვის მზადებაში გაერთიანება".
ამ თემაზე, ჟურნალისტმა მას დამატებით ჰკითხა: "თვლით, რომ შემდეგი არჩევნები ისე შეიძლება ჩატარდეს, რომ მას არჩევნები ეწოდოს?" - რასაც მან ასე უპასუხა:
"სწორედ ამიტომაც, ალბათ, საჭიროა დიალოგი, ურთიერთობაც. არ მგონია, რომ აქ სრულყოფილი და იდეალური არჩევნები ჩატარდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, მომზადება, ადგილზე დამკვირვებლების მობილიზება, ბევრად უფრო უკეთესი შედეგის დადგომის შესაძლებლობას იძლევა".
0
0