03/04/2024
19:36
პოლიტიკა
გამჭვირვალობის კანონპროექტის პრინციპი მარტივია. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ არიან ისინი, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე. სწორედ ამ პრინციპის გამო არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინსტიტუტების და საჯარო მოხელეების ფინანსური გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დიდი ნაწილი გაუმჭვირვალეა.
„პირადად ჩემი არაერთი მცდელობა, რომ დონორი და მიმღები ორგანიზაციები დამერწმუნებინა საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის მნიშვნელობაში, უშედეგოდ დასრულდა. მათი მხრიდან გაუმჭვირვალობის მხრივ ხარვეზების აღიარების მიუხედავად, პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაიდგა. მზარდი ჰიბრიდული და საინფორმაციო ომების ეპოქაში, ამ კანონის არქონა არის საფრთხეების წინაშე ქვეყნისა და საზოგადოების შეუიარაღებელი დატოვება. არ შეიძლება, ქვეყანა იყოს ორპირი ქარის მდგომარეობაში. საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გზით ინტერესების ფარულად გატარება აზიანებს მოქალაქეთა არჩევანსა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებას.
კანონპროექტი მხოლოდ ერთ წესს ადგენს. თუ ხარ ორგანიზაცია, რომელიც უცხოური დაფინანსებით მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უთხარი ამის შესახებ საზოგადოებას. ეს არის გამჭვირვალობის ელემენტარული სტანდარტი.
ამავე დროს, ეს კანონი არის ნათელი გზავნილი, რომ ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მისაღებია ყველა ადამიანი, რომელიც, ამავე დროს, პატივს სცემს გამჭვირვალე, დემოკრატიული თამაშის ფუნდამენტურ პრინციპებს. კარგ საქმეებს დამალვა არ სჭირდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0