17/11/2021
15:21
სხვადასხვა
"გაგიმარჯოს გელა,
ბევრი წერის გამო, შუა თითის შიგნითა ნაწილი გებურცებოდა ხოლმე. მახსოვს, პირველად რომ გავამახვილე ყურადღება, მითხარი, ეს მშრომელი კაცის ხელიაო. მახსოვს, როგორ მომიტანე კონკიას ვარდისფერი ნათურებიანი ჩემოდანი და როგორ მეხმარებოდი ამ ჩემოდნის ჯერ აეროპორტში და მერე "ბეიქერ სთრითზე“ ტარებაში.
ადაპტირებულ ბიბლიას წამზომით რომ მაბეჭდინებდი? - რამდენს ვწუწუნებდი, მაგრამ სულ დაუზარებლად მიხსნიდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ დროში გამომემუშავებინა სწრაფი ბეჭვდის ტექნიკა. გამოცდებს რომ მიტარებდი, წარმატებულად ჩაბარებისას ყოველთვის მაჯილდოვებდი.
დილით კიდევ 40 წელი ერთი და იგივეს ჭამდი. რამდენჯერაც ვეცადე, რომ რამე ახალი შემომეთავაზებინა ან მეჩვენებინა რამდენად უფრო მარტივია ფაფის მიკროტალღურში მომზადება, მაინც ფაფის ქვაბში მოხარშვას ამჯობინებდი, უფრო სასიამოვნოა საუზმისთვის შრომაო. ამით ჯანსაღი რუტინის ფასი მასწავლე.
ნანას გარდაცვალების მერე მისი დაბადების დღე დიდ ზეიმად აქციე. ყველას ჩვენ-ჩვენ საქმეს გვავალებდი, რომ ნანასთვის იდეალური დღე მოგვეწყო.
სადილს ერთ ჭიქა თეთრს და ერთ ჭიქა წითელს ატანდი. ღამე თუ გაგეღვიძებოდა და ნახავდი, რომ მეც მეღვიძა შემომივლიდი და მეტყოდი "Early bird catches the worm“ და გაბრუნდებოდი საძინებელში.
ეს ის მხარეეებია, რომელიც ბევრმა არ იცის შენზე, ის მხარეები, რომელიც იმ ჰიპერინტელექტუალ, დაუღალავ, მიზანმიმართულ და ხელოვან ადამიანს - გელა ჩარკვიანს ჩემ ბაბუად ხდის. ჩემ ბედიანობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მე და შენ ბედზე ბევრად მეტი გვაკავშირებდა. ისე მოხდა, რომ ჩემი და შენი ურთიერთობა არ ჰგავდა არცერთ სხვას.
მე და შენ თითქმის ყოველდღე ვმესიჯობდით. არ მოვიტყუები და ბევრი დრო დავუთმეთ შენთვის მესიჯობის სწავლას. მეუბნებოდი, "ამაში ნამდვილად მჯობნი, თაგვო“, მაგ დროს ვერ ვიფიქრებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის ეს. შენი ყოველი "whats up my little mouse?“ მახარებდა. ყოველი მონაწერი კი, უფრო და უფრო გვაახლოვებდა.
რამდენი ადამიანი გიხსნებს, როგორც მათ განმანათლებელს. რა მაგარია, რომ როგორც მასწავლებელი დარჩი ამდენ ადამიანს. მაგრამ რა ვქნა და არ შემიძლია, რომ გულში არ ჩავიცინო. ჩემთვის ხომ სულ სხვა დონის მასწავლებელი იყავი?! ყველაზე მეტი მე დამიტოვე. ამდენი ბლოკნოტი სავსე ყოვლისმომცველი ცოდნით, რომელიც ჰქმნის ჩემი ცნობიერის და ქვეცნობიერის ძირითად ნაწილს და ამდენი მოგონება შენი ყოველდღიურობიდან, რომელიც ბევრად მეტის მომცველია ვიდრე უმეტესი წიგნი.
მახსოვს, როგორ გაგიხარდა, რომ ფილოსოფიით ვიყავი გატაცებული და როგორ გაგიკვირდა, შენი ცნობილი სალათის გაკეთებისას, როგორ მოგიყევი ვიდგენშტეინის თეზისებზე. სადილზე თუ უბრალოდ დიდ ოთახში ჯდომისას ბევრჯერ გვილაპარაკია ქალის როლზე ოჯახში, ინტელექტუალურ სფეროში და ზოგადად კაცობრიობაში. ძალიან სუფთდ მაქვს ჩაბეჭდილი, თუ როგორი ქალი და ზოგადად ადამიანი გინდოდა გავმხდარიყავი. მადლობა.
შენ ჩემი მარკუს ავრელიუსი ხარ. სტოიციზმის, შრომის და სიღრმის უმაღლესი მაგალითი. მარკუს ავრელიუს ჰყავდა შვილი, კომოდუსი, რომლის წარმატების მხოლოდ მარკუსს სჯეროდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისი დიადი ცოდნა და გამოცდილება მისთვის გადაეცა. როგორც ვიცით, კომოდუსმა ვერ გაამართლა იმპერატორი მამის გეგმები და რომის ოქროს ხანას ბოლო მოუღო. უნდა მოახერხო, რომ მარკუს ავრელიუსის ამხელა სტანდარტი, დაუზარებელი შრომა და მონდომება წყალში ჩაყარო. შენ კი ხარ ჩემი მარკუსი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ კომოდუსობას. გპირდები, რომ არ ჩავახშობ ჩვენ ოქროს ხანას და ყველაფერი, რაც თაობების განმავლობაში მე გადმომეცით, გადავცემ ჩემ შვილებსა და შვილიშვილებს.
ჩემი წინ სვლა ახლა იწყება და ვწუხვარ, რომ აქ არ იქნები, რომ მოგიმესიჯო ჩემი ყოველი წარმატება. მე კი პირველად არ მაქვს ეს გრძნობა, რომ გამომაკლდა ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ჩემი წინ სვლა.
ორი წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ, ისეთი როგორიც თუნდაც შენ მნახე. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დარწმუნებული ვიყავი და ვარ რომ ის სულ ჩემთან იყო და დღემდე მადევნებს თვალს. ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღმებთ ჩემ წარმატებაზე.
სენეკას თანახმად, როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, უბედურება ცდის ძლიერ ადამიანს. ძალიან დამწყვიტე გული შენი წასვლით, მაგრამ სირთულის მიუხედავად უნდა გადავდო სენტიმენტები გვერდზე, რადგან ვიცი, რომ შენ და ირაკლის ასე გენდომებოდათ. უკვე საქმე მეძახის და გპირდებით, რომ აუცილებლად იამაყებთ... სხვა რა დამრჩენია.
თქვენ იცით, აბა, ბევრი ღვინო არ მოგივიდეთ. მიყვარხართ თქვენი პატარა ნანა..."
0
0