
ჩეხეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტიამ და ორმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების მიზნით შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
როგორც ჩეხური მედია იუწყება, ოთხკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად ბაბიშის პარტიამ „ანო“, პარტიამ „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ და პარტიამ „ავტომობილისტები“ ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას, რომელიც ჩეხეთის მომავალი მთავრობის პროგრამულ პრიორიტეტებს მოიცავს, ასევე, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის მინისტრების პორტფელებს ანაწილებს.
16 სამინისტროდან ბაბიშის პარტია „ანოს“ წევრები ცხრას ჩაუდგებიან სათავეში, ოთხი მინისტრის პორტფელს „ავტომობილისტები“, ხოლო სამს „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ ჩაიბარებს.
ჩეხური მედიის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იქნება მომავალ მთავრობაში თანამდებობებზე კონკრეტული პირების წარდგენა.
ცნობისთვის, დღესვე ჩეხეთში პარლამენტის პირველი სხდომა შედგა, 5 ნოემბერს კი ახალი მოწვევის დეპუტატები პალატის ხელმძღვანელს აირჩევენ. როგორც ვარაუდობენ, ეს იქნება პარტია „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“ ლიდერი ტომიო ოკამურა. სწორედ ამის შემდეგ ჩეხეთის მოქმედი მთავრობა გადადგება. პარტია „ანოს“ ლიდერმა და ჩეხეთის მომავალმა სავარაუდო პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ჩეხეთს ახალი მთავრობა დიდი ალბათობით ნოემბრის ბოლოს ეყოლება.
0
0