20/11/2024
08:52
საზოგადოება
ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.
მთელი ღამის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 05:30 საათზე პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მათ ჭავჭავაძიდან მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. რამდენიმე საათში კი, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა მეიქიშვილზეც . მას სამომავლო გეგმა არ გაუჟღერებია და აღნიშნა, რომ გეგმა სპონტანური იქნება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ მონაკვეთის დასუფთავეის სამუშაოაბი.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, გვიან ღამით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევიდა.
ახალგაზრდების ჯგუფი თსუს-რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს და მანამდე შენობის დატოვებაზე უარს აცხადებს.
უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები შენობაში საკეტის დაზიანების შემდეგ მოხვდნენ და მათი მხრიდან მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა.
აქციის მიმდინარეობისას კი გვიან ღამით, არაერთი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის. დემონსტრანტები ამბობენ, პირები, რომლებიც მათ გამოწვევას ცდილობდნენ, პროვოკატორები იყვნენ. რამდენიმე მათგანი საპატრულო პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.
რაც შეეხება პოლიციას, დაახლოებით დილის 06:00 საათისთვის სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. გაფრთხილების შემდეგ მათ 15-წუთიანი დრო მიეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეკრების და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ, ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნული საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. იმ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, შესაბამისად, პოლიციამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა გაეთავისუფლებინათ გზა და შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება-მანიფესტაცია.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძიდან მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს და ამ წუთებში ისინი მელიქიშვილის გამზირსაც ტოვებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმა აქვს ოპოზიციას.
0
0