
ბერლინში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ მესამემ, გერმანელი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინაშე, გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იმ „წარმოუდგენელ ზარალზე“ ისაუბრა, რომელიც, ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამ გამოიწვია.
„თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავმხნევდეთ იმ ფაქტით, თუ როგორ გავერთიანდით უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა ომმა წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა ამდენ უდანაშაულო ადამიანს. უამრავი ადამიანი იღუპება, თავისუფლება და ღირსება ფეხქვეშ ითელება.
ევროპის უშიშროება ისეთივე საფრთხის ქვეშაა, როგორც ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები, მაგრამ მსოფლიო მიმდინარე მოვლენებს თვალს არ აშორებს. ჩვენ ღრმად შეძრულნი ვართ ამდენი ნგრევითა და მსხვერპლით, თუმცა შეგვიძლია გავხმნევდეთ ჩვენი ერთიანობით, როდესაც საქმე უკრაინის, მშვიდობისა და თავისუფლების დაცვას ეხება”, - დასძინა მეფემ.
მეფე ჩარლზ მესამემ დადებითად შეაფასა გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის, როგორც უკრაინის უმსხვილესი ევროპელი დონორის, როლი, ასევე გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ და თქვა, რომ „მსოფლიოს მიერ ეს ნაბიჯი უაღრესად მნიშვნელოვნად ფასდება“.
ცნობისთვის, მეფე ჩარლზ მესამე პირველი ბრიტანელი მონარქია, რომელიც გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
0
0