
ვენესუელას შესახებ ბრიფინგმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხები გასცა, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სენატორებს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„მოკლედ ვიტყვი, ამ ბრიფინგმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხანგრძლივი იყო, გაცილებით მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე უპასუხა. აშშ-ის მიერ ვენესუელას მართვის შესახებ გეგმა ბუნდოვანია, დაფუძნებულია სურვილებზე და არ არის დამაკმაყოფილებელი. მე ვითხოვე, რაც მსურდა, მაგრამ არ მიმიღია არანაირი გარანტია, რომ ჩვენ არ შევეცდებით იმავეს გაკეთებას სხვა ქვეყნებში. დაბოლოს, როდესაც შეერთებული შტატები მონაწილეობს ამ ტიპის რეჟიმის შეცვლასა და ე.წ. სახელმწიფოს მშენებლობაში, ეს ყოველთვის აზიანებს შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა შუმერმა.
ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გამართლებული იყო.
„ნიკოლას მადურო პასუხისმგებელია ათასობით ამერიკელის სიკვდილზე, ეს უდავოა და ამას ყველა ეთანხმება. ეს არის დანაშაულები, რომლებშიც მას ბრალი წაუყენეს აშშ-ის სასამართლოში. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს აშშ აღარ დაუშვებს, რომ კრიმინალურმა რეჟიმებმა მოგება ნახონ ჩვენს ქვეყანაში ქაოსისა და ნგრევის დათესვით. ის ამერიკელებს პირველ ადგილზე აყენებს და წარმატებას აღწევს იქ, სადაც სხვებმა ვერ შეძლეს. ეს ძალიან ნათელია. ჩვენ არ ვართ ომში. ჩვენ არ გვყავს აშშ-ის შეიარაღებული ძალები ვენესუელაში და ჩვენ არ ვახორციელებთ ამ ქვეყნის ოკუპაციას. კონსტიტუცია კონგრესს აძლევს ომის გამოცხადების უფლებამოსილებას, თუმცა ის ასევე ანიჭებს ფართო უფლებამოსილებებს აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს. კონსტიტუციის მეორე მუხლის თანახმად, პრეზიდენტს, როგორც ყველა პრეზიდენტს, აქვს უფლებამოსილება, განალაგოს სამხედრო ძალები აშშ-სთვის საფრთხეების მოსაგვარებლად. კანონი ითვალისწინებს, რომ კონგრესს შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საომარი მოქმედებების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში. როგორც აღვნიშნეთ და როგორც მე ბევრი საჯარო კომენტარი გავაკეთე, ეს თითქმის მყისიერად მოხდა. პირველი ზარი დილის ოთხ საათზე სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განახორციელა“, – განაცხადა ჯონსონმა.
0
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი
07/01/2026