03/07/2022
23:39
საზოგადოება
არასოდეს ყოფილა, მთავრობის მავნებლობა მშვიდობიანი პროტესტით გაგვეჩერებინოს, ხვალ დილით შევეცდებით, ეს გავაკეთოთ, – ამის შესახებ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი გეგმის შემდეგი ნაბიჯი არის გადაადგილება მთავრობის სახლისკენ, მაგრამ ეს არ ხდება ახლა. აქ გვაქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ეს ღამე მშვიდობიანად, წყნარად გავატაროთ. თავს აღარ შეგაწყენთ ბევრი საუბრით, ლაშა ამოვა ხოლმე და გაგიზიარებთ გეგმებს. გვაქვს ეკრანზე თავშესაქცევები, სხვა თავშესაქცევები იქნება ტერიტორიაზე. გამოვიყენოთ ეს დრო, რათა მშვიდად ვესაუბროთ ერთმანეთს, ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს, ვესაუბროთ იდეაში ვინც აქ ხელისუფლების დასაცავად არის მოსული, მაგრამ რეალურად ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, ეს ადამიანებიც გვჭირდება. ჩვენ ერთად მეტი საერთო გვაქვს ერთმანეთს შორის, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ასრულებს – თავად ბიძინა ივანიშვილთან. ძალაუფლება დგას მორჩილებაზე და ეს მორჩილების ჯაჭვი სადღაც გაწყდება. საჯარო მოხელეები, პოლიციელები – არიან ჩვენი ძმები. ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ მათთან, ვესაუბროთ მათ და მოვა დრო, ვიამაყოთ მათით. ახლა ჩვენ ვთქვით, რომ ხელისუფლება თუ არ ასრულებს ჩვენს დაყენებულ პირობას, პრინციპში საათი და 15 წუთი აქვთ, სანამ 4 ივლისი დადგება. ჩვენ 3 ივლისამდე გვქონდა დაყენებული ულტიმატუმი და რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ისინი კომფორტში არიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით და რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება, ხომ. ამიტომ დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით იმ ქაჯეთის ციხეს, მჯდომარე პროტესტით მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით. ეს არის ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი გამოხატვა. ეს საღამო შეგვიძლია, გამოვიყენოთ ერთმანეთთან სასაუბროდ. დილით მივალთ და ავუხსნით, რაც აქედან ვერ ავუხსენით. ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
0
0