31/10/2024
19:43
არჩევნები 2024
საჩივრებთან მიმართებით კლებითი ტენდენციები ნარჩუნდება, რაც ასახავს იმას, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს, – ამის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2020 წელს წარმოდგენილი იყო 2 054 საჩივარი, 2021 წელს 1 840, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით წარმოდგენილია სულ 1170 საჩივარი, რაც კლებით და დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს.
„საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საჩივრების წარდგენის ვადები. აქედან გამომდინარე, გიზიარებთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ, რომელიც ამ მდგომარეობით, დამუშავების შედეგად გვაქვს. ამავდროულად, წარმოგიდგენთ გარკვეულ, მცირე შედარებით ანალიზს 2020-2021 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით.
კერძოდ, 2020 წელს წარმოდგენილი იქნა სულ 2 054 საჩივარი, 2021 წელს 1 840 საჩივარი, ხოლო წელს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით წარმოდგენილია სულ 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს კლებით და დადებით ტენდენციაზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ გვაქვს.
ამავდროულად, წარმოგიდგენთ 2020-2024 წლებიდან გამომდინარე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების სტატისტიკას და ტენდენცია აქაც კლებითია. მაგალითად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 2020 წელს წარმოადგინეს სულ 629 საჩივარი, 2021 წელს – 599, ხოლო მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობა არის – 570.
რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას, აქაც წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული მიმდინარე არჩევნების ჩათვლით.
2020 წელს სულ წარმოდგენილი იქნა 1425 საჩივარი, 2021 წელს – 1235, ხოლო მიმდინარე არჩევნების ფარგლებში სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი.
შეიძლება, ცალსახად ითქვას, როგორც საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებით, კლებითი ტენდენციები საჩივრებთან მიმართებით ნარჩუნდება, რაც ბუნებრივია, ასახავს იმას, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს“, – განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.
გიორგი სანტურიანმა ასევე წარმოადგინა ინფორმაცია, თუ რა კონკრეტულ მოთხოვნებს შეიცავს წარმოდგენილი საჩივრები.
„გადათვლა ბათილობასთან დაკავშირებით – სულ წარმოდგენილია 544 საჩივარი; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით – 428; მოთხოვნის გარეშე საჩივრები – 47, ხოლო ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე – 151.
ამავდროულად, მინდა, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარკვეულ საჩივრებთან დაკავშირებით. კერძოდ, თუკი შევაჯამებთ 26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, სულ წარმოდგენილია 652 საჩივარი და წარმოდგენილი საჩივრებიდან მხოლოდ შვიდი საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიფიცირებული. სამი დღის განმავლობაში მხოლოდ 652 საჩივრიდან ამგვარ შინაარსს შეეხებოდა მხოლოდ შვიდი საჩივარი.
ასევე, გვინდა, მოკლედ გაგიზიაროთ გადათვლებთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომელიც 29 ოქტომბერს წარიმართა საოლქო საარჩევნო კომისიებში. კერძოდ, 29 ოქტომბერს გადაითვალა სულ 366 საარჩევნო უბანი და გადათვლილი საარჩევნო უბნებიდან 334 საარჩევნო უბანზე შედეგები არ შეცვლილა, ხოლო დარჩენილ 32 საარჩევნო უბანში შედეგები შეიცვალა მხოლოდ მცირედით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯამში 3 111 შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრი ფიქსირდება მხოლოდ ცხრა შემთხვევაში, რაც საბოლოო ჯამში მხოლოდ ორ მეასედს წარმოადგენს“, – აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.
მისივე თქმით, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება დღეს ცესკო-ს ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს.
„კიდევ ერთხელ გვინდა, აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, ნარჩუნდება ტენდენცია იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია ისეთი საჩივრები, რომლებიც ე.წ. შაბლონურ საჩივრებს განეკუთვნება. კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, მხოლოდ მათი ნუმერაცია, ხოლო მთლიანობაში საჩივარი თავისი შინაარსით არ იცვლება, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ შემთხვევაში საჩივრები წარმოდგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საჩივრების რაოდენობა გაზრდილიყო და არა კონკრეტული პრობლემა ასახულიყო, რაც ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, გადაამოწმოს ჩვენს საჯარო საჩივრების რეესტრში, რომელიც საჯაროა ცესკო-ს ვებგვერდზე“, – აღნიშნა გიორგი სანტურიანმა.
მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცედურები მიმდინარეობს.
„არაუგვიანეს 3 ნოემბრისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში არის საჩივრების განხილვის დასრულების უკიდურესი ვადა. შესაბამისად, საჩივრების განხილვის დასრულებისთანავე, ასევე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
0
0