31/10/2024
20:52
არჩევნები 2024
ცესკო-ს თავმჯდომარე, თავის მოადგილესა და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს გიორგი კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდების შესახებ.
„გიორგი კალანდარიშვილმა მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად, მიუკერძოებლად და დადებითად შეფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული.
კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული და მნიშვნელოვანია ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ობიექტური მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.
ეუთო/ოდირის მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.
0
0