
ცენტრალურ ევროპაში ძლიერი წყალდიდობისთვის ემზადებიან.
BBC-ს ცნობით, სტიქია შესაძლოა შეეხოს პოლონეთს, ავსტრიას, ჩეხეთსა და გერმანიას. რეკორდულად ცხელი აგვისტოს შემდეგ, სპეციალისტები ძლიერ ნალექს ელოდებიან. პროგნოზის მიხედვით მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჩეხეთში, იესენიკის მთებში 400 მილიმეტრ ნალექია მოსალოდნელი. შემდეგ წყალი მდინარე ოდრაში ჩაედინება და პოლონეთისკენ გააგრძელებს გზას. პრაღაში მდინარე ვლტავას ნაპირებს ქვიშით სავსე ტომრებით უკვე ამაგრებენ.
ძლიერ წვიმას ელოდებიან პოლონეთის სამხრეთით, ოთხ პროვინციაში, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელიც წყალდიდობის საკითხზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგს დაესწრო. აცხადებს, რომ პანიკის მიზეზი არ არსებობს.
ავსტრიაში, მთებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და თოვლმა უკვე გამოიწვია პრობლემები მოგზაურებისთვის. ქვეყნის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ სტიქიასთან გასამკლავებლად აუცილებლობის შემთხვევაში 1000 ჯარისკაცს გამოყოფს. ამასთან, ავსტრიაში აცარიელებენ წყალსაცავებს, რათა ჭარბ ნალექს გასასვლელი გზა მისცენ.
წვიმას ელოდებიან ავსტრიასთან მოსაზღვრე გერმანიის მიწა ბავარიაშიც.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ეს შესაძლოა ცენტრალური ევროპის ყველაზე ძლიერი წყალდიდობა იყოს ბოლოს 20 წლის განმავლობაში.
0
0