29/03/2022
15:32
მსოფლიო
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის პროექტი არ მოიცავს რუსეთის სამი ძირითადი მოთხოვნის განხილვას - „დენაციფიკაციას“, "დემილიტარიზაციასა" და რუსული ენის სამართლებრივ დაცვას უკრაინაში".
სამშაბათს, დიპლომატიური წარმომადგენლები სტამბულში სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს მართავენ, რომლის მიზანია უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულება. რუსეთი გარკვეულ დათმობაზე მას შემდეგ წავიდა, რაც მისი ერთთვიანი სახმელეთო თავდასხმები, ძირითადად, უკრაინელების მხრიდან მოსალოდნელზე ძლიერმა წინააღმდეგობამ და რუსეთის ოპერატიულმა ხარვეზებმა შეაფერხა. მაგრამ უკრაინამ და მისმა დასავლელმა მხარდამჭერებმა კვლავ სკეპტიკურად აღიქვეს პუტინის განზრახვები, რადგან, მათი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს „კვამლის ფარდად“ გამოიყენებდა თავისი ამოწურული ძალების შესავსებად და ახალი შეტევის დასაგეგმად.
უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა/კიევის მხრიდან მოლაპარაკებების გუნდის წევრმა, დავით არახამიამ, Financial Times-ს განუცხადა, რომ მხარეები თითქმის თანხმდებოდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებასა და ევროკავშირში მისი შესვლის შესახებ, თუმცა მათ მოლაპარაკებაზე „გარღვევასთან“ დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა კიდევ ერთმა პირმა თქვა, რომ უკრაინა შეშფოთებულია, რადგან რუსეთი თითქმის დღითიდღე ცვლის თავის პოზიციას სამხედრო ზეწოლის თვალსაზრისით, ასევე ისეთი მოთხოვნების მიმართ, როგორიცაა კიევის "დემილიტარიზაცია".
რუსეთს "არ შეუძლია და არც აპირებს პროგრესის მიღწევაზე ისაუბროს", რადგან "ამით შესაძლოა მხოლოდ ზიანი მიაყენოს მოლაპარაკებების პროცესს", - განუცხადა ორშაბათს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა Interfax-ს. „სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ რაიმე მნიშვნელოვან მიღწევასა და გარღვევაზე“, - დასძინა მან.
განსახილველი შეთანხმების ფარგლებში, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის გარდა, უკრაინა ასევე თავს შეიკავებს ბირთვული იარაღის შემუშავებისგან ან საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებისგან.
სანაცვლოდ, უკრაინა მიიღებდა უსაფრთხოების გარანტიებს (იმას, რასაც არახამიამ "ნატოს მე-5 მუხლთან მიახლოებული ფორმულირება" უწოდა, რომლის მიხედვითაც ალიანსის წევრები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ, თუ რომელიმე მათგანს თავს დაესხმებიან) რიგი ქვეყნებისგან, მათ შორის რუსეთისგან, აშშ-ისგან, დიდი ბრიტანეთისგან, კანადისგან, საფრანგეთისგან, გერმანიისგან, ჩინეთისგან, იტალიისგან, პოლონეთისგან, ისრაელისა და თურქეთისგან. თუმცა, როგორც ზელენსკიმ განაცხადა, „ნებისმიერი სამომავლო შეთანხმება მიღწეული უნდა ყოფილიყო გარანტორებთან და რატიფიცირებული უნდა ყოფილიყო მათი პარლამენტების მიერ.“
ანონიმური პირების თქმით, პოტენციური გარანტორები ჯერ არ შეთანხმებულან უკრაინის უსაფრთხოების დაცვაზე. „უარი ჯერჯერობით არ მიგვიღია“, - განაცხადა არახამიამ.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა რეფერენდუმის ჩატარების საკითხს კონსტიტუციის შეცვლამდე - რამდენიმე თვეში დააყენებს; ამ პროცესს კი, შესაძლოა, ერთი წელი მაინც დასჭირდეს. „ერთადერთი მოგვარებული [საკითხი] არის საერთაშორისო გარანტიების ტიპი, რომელსაც უკრაინა ელოდება, მაგრამ... ჯერ კიდევ გვჭირდება გარანტორებისგან თანხმობა, სხვაგვარად, შეთანხმება უშედეგო იქნება“, - განაცხადა არახამიამ.
„განსახილველი კომუნიკეს პროექტი არ ითვალისწინებს რუსეთის მიერ 2014 წლიდან მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, რაც პუტინისა და ზელენსკის სავარაუდო სამომავლო მოალპარკებების დროს ყველაზე დიდ „დაბრკოლების ლოდს“ წარმოადგენს,“ - განაცხადეს ანონიმურმა პირებმა.
არახამიას თქმით, მოსკოვი უკრაინისგან ითხოვდა, ეღიარებინა რუსეთის კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტების მიერ მართულ ორ ტერიტორიაზე.
„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რაიმე სახის საზღვრების დადგენას გარდა იმისა, როგორც ეს მოცემულია ჩვენს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. ეს ყველაზე კრიტიკული საკითხია,“ - განაცხადა არახამიამ.
ამ დროისთვის, უკრაინა მზად იყო რიგი ჰუმანიტარული საკითხების განხილვისთვის, როგორებიცაა ყირიმის წყალმომარაგების აღდგენა და იმის პირობა, რომლის თანახმადაც, კიევი ყირიმის ძალით დაბრუნებას არასოდეს შეეცდება.
ცეცხლის შეწყვეტაზე დაზავების შემთხვევაში, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან ცალკეული დოკუმენტების მოსამზადებლად, რათა სისრულეში მოიყვანონ შემდგომი შეთანხმებები უსაფრთხოების გარანტიებისა და სოციალურ საკითხებზე, როგორიცაა რუსული ენის დაცვა უკრაინაში. ამ ნაბიჯს მოჰყვება პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზების მცდელობები, თუმცა ორშაბათს პესკოვმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის გამართვის მიზნით, „არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“.
0
0