
სუდანში, 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბრძოლები კვლავ გრძელდება.
როგორც BBC-ი წერს, დედაქალაქ ხართუმში, შეტაკებები ტელევიზიისა და რადიოსადგურის შენობებთან დაიწყო.
ხართუმსა და ომდურმანში მოსახლეობას უჭირს სუფთა წყლისა და საკვების შოვნა, ასევე ნაღდ ფულზე წვდომა. მდგომარეობა კვლავ კრიზისულია სამედიცინო დახმარების, ინტერნეტისა და საკომუნიკაციო უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
სამხედრო დაჯგუფებები ძარცვავენ საცხოვრებელ სახლებს, შენობებს, ავტომობილებს. მეომარი ფრაქციები აცხადებენ, რომ ისინი აეროპორტებსა და არმიის შტაბს აკონტროლებენ.
როგორც ცნობილია, სუდანის არმიის მეთაურმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ცეცხლის შეწყვეტის ვადა 72 საათით გაახანგრძლივა. მისი ინიციატივით, სუდანის არმიისა და გასამხედროებული მეტოქე დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ [RSF] წარმომადგენლები შექმნილი ვითარების შესახებ დეტალების განსახილველად სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში გაემგზავრებიან.
სუდანში ბრძოლების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 459 ადამიანი დაიღუპა, თუმცა დაღუპულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. მანამდე კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია "უამრავი" ადამიანის დაღუპვა დაავადებებისგან, ასევე საკვებსა და წყალზე ხელმისაწვდომობისა და ჯანდაცვის დაწესებულებების შეფერხების გამო.
სუდანის არმიის ლიდერებსა და დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ [RSF] შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამო კონფლიქტი 15 აპრილს დაიწყო.
0
0