
უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარა ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეჭრის ფაქტსა და თავდამსხმელის შესახებ საუბრობს.
პატარაიამ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ თავდამსხმელი ცალსახად არ არის სამხედრო პირი.
პატარაიას თქმით, თავდამსხმელი ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანია, რომელიც სიტუაციას ართულებს.
ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ვითარება მშვიდობიანად მოგვარდეს.
„ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მოგვარდეს და გადაწყდეს მშვიდობიანად. მესმის, რომ მღელვარებაა, მაგრამ კონტროლია საჭირო და მეტი სიფხიზლე. ახლა რაც მთავარია, მეორე სერიაში თუ არ მოხდება ამ ადამიანის აყვანა, თუნდაც ეს მოხდეს სხვა რისკებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ისეთ ვითარებას მივიღებთ ქვეყანაში, რომ მაღაზიაშიც ავტომატით დაგვჭირდება შესვლა.
ვითარება დაძაბულია. ჩემი შეფასებით, ეს ადამიანი არ არის მდგრადი ფსიქიკის მატარებელი, ცალსახად ის არ არის სამხედრო. სამხედრო ძალიან გამოკვეთილია თავის ფორმაციაში, მათ შორის გადაადგილებაში, ტაქტიკაში, საუბარში, სხვადასხვა მანერებში, რომელიც ამ ეტაპზე არ წაკითხულა. ის რაც ჩანს, ეს არის საკმაოდ არამდგრადი ადამიანი, რომელიც ცოტა უფრო უფრო ართულებს ვითარებას“, - აცხადებს ლაშა პატარაია.
ამასთან, ექსპერტმა იმ ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებაც გაამახვილა ყურადღება, რითაც ბანკში მყოფი თავდამსხმელია შეიარაღებული.
„F1 ყუმბარა მსხვრევადია, რადიუსი 200 მეტრი. რაც დაამონტაჟა კარებზე, ამ ნაწილთან დაკავშირებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ რამდენიმე ლედგანათებები ცოტა დამაბნეველია და აშკარაა, რომ ცდილობს ფსიქოლოგიური ეფექტის გამოყენებას, რასაც გარკვეულწილად წარმატებით გაუმკლავდა.
რაც შეეხება ლაზერულ ტექნოლოგიას, რომ იქ შეიძლება კარების გაღებაზე მოქმედებდეს, ეს არ მგონია, იმიტომ რომ მაგას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს მისი კალიბრაცია, დამაგრება და ზუსტი ინსტალაცია.
თვითონ კაფსულა არ ჩანს, მაგრამ სავარაუდოდ, მოცულობიდან გამომდინარე შესაძლოა, იყოს შენიღბული შიგნიდან. დეტონაცია ნებისმიერი სხვა საშუალებით შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად ხელის პულტით, ტელეფონით, რადიო მოწყობილობით და სხვა საშუალებით. ყველაზე კარგია, რომ მოხდეს დუმილის შენარჩუნება. ამიტომ, დეტონაციის პრევენცია, რომ მოხდეს მნიშვნელოვანია ამ რადიო სიხშირეების გაფილტრვა და მაქსიმალური იზოლაცია ამ სივრცის ზედმეტი რაღაცებისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს ამ ადამიანის აყვანაზე, ეს ადამიანი ახლა თუ არ აიყნაეს, ჩვენ მივიღებთ კატასტროფულ სიტუაციას“, - დასძინა ლაშა პატარაიამ.
0
0