03/10/2023
12:28
მსოფლიო
Burger King-ი რუსულ ბაზარზე ჩვეულ რეჟიმში რჩება. Restaurant Brands International-ის (RBI) მფლობელმა, დევიდ შირმა, რომელიც რუსეთში სწრაფი კვების ბიზნესის 15%-ს ფლობს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ სხვა დასავლური კომპანიების მსგავსად, ის რუსულ ბაზარს დატოვებდა.
კრიტიკოსებმა Restaurant Brands International-ი (RBI) "პუტინის რეჟიმის შენარჩუნების ხელშეწყობაში" დაადანაშაულეს.
Restaurant Brands International-ი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რუსულ ბაზარზე დარჩენის მიზეზად ფრანჩაიზინგული შეთანხმების სირთულეს ასახელებს. უკრაინაზე რუსული არმიის პირველი თავდასხმების შემდეგ, 2022 წლის მარტში, დევიდ შირმა განაცხადა, რომ Burger King-ის მთავარმა ოპერატორმა "უარი თქვა" რუსეთში მაღაზიების დახურვაზე, თუმცა დასძინა, რომ კომპანიამ „უკვე დაიწყო ბაზრიდან გასვლა თავისი 15%-იანი წილის განკარგვის მიზნით და ამ პროცესს გარკვეული დრო“ დასჭირდება.“
18 თვის შემდეგ კი კანადურ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ფირმას რუსული ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის [რომელიც აკვირდება, თუ რა გააკეთეს კომპანიებმა რუსეთ-უკრაინის ომის საპასუხოდ] ერთ-ერთი წევრი სტივენ ტიანი ამტკიცებს, რომ ფრანჩაიზინგული ხელშეკრულებების „საბაბად“ გამოყენება „კომფორტულ კვამლის ფარდას ნიშნავს“. სტივენ ტიანმა აღნიშნა, რომ Starbucks-ის მსგავსმა კომპანიებმა რუსეთთან გარიგების შეწყვეტა და ბაზრიდან გასვლა მოახერხეს.
„RBI-ის დაპირება იყო, რომ რუსულ ბაზარს დატოვებდა, მაგრამ შემდეგ თითქოს ფეხს ითრევს, რაც, უკრაინაში პუტინის არმიის შეჭრიდან 18 თვის შემდეგ, რეალურად რუსეთში ბიზნესის კეთების გაგრძელებას ნიშნავს. ისინი მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს,” - თქვა ტიანმა.
როგორც Restaurant Brands International-ის წარმომადგენელმა განაცხადა, კომპანია უარს ამბობს ახალ ინვესტიციებსა და მიწოდების ჯაჭვის მხარდაჭერაზე, ხოლო 2022 წლის დასაწყისიდან რუსეთში Burger King-ისგან რაიმე მოგება არ მიუღია.
ასევე, KFC-ის მშობელმა კომპანია Yum! Brands-მა რუსეთში 100-ზე მეტი რესტორანი ადგილობრივ ოპერატორს მიყიდა და აპრილში ის Rostic-ის სახელწოდებით რებრენდირდა.
იურიდიული ფირმა Fieldfisher-ის პარტნიორის დევიდ ბონდის განმარტებით, RBI-ს 15%-იანი წილი ნიშნავს, რომ მას უბრალოდ არ შეუძლია, რომ Burger King-ის ფილიალების დახურვისთვის თავის აქციონერებს „პირობები უკარნახოს“.
ვინ მართავს Burger King-ს რუსეთში? ბიზნესმენი ალექსანდრე კობოლოვი პასუხისმგებელია ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებსა და 800 რესტორნის მეთვალყურეობაზე, რომლებსაც 30%-იანი წილები აქვთ ბიზნესში. კოლობოვმა მანამდე BBC-ს განუცხადა, რომ მას არ აქვს „ავტორიტეტი ან ძალა“, შეაჩეროს Burger King-ის ფინანსური ოპერაციები რუსეთში, ხოლო ბაზარზე კომპანიის დახურვის საკითხს ბიზნესის ყველა ინვესტორი უნდა დაეთანხმოს.
ICU Group-ი, მსხვილი უკრაინული საინვესტიციო ფირმა, Burger King-ის 35%-იან წილს ფლობს. ICU Group-მა BBC-ს განუცხადა, რომ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ის არ აკონტროლებს ერთობლივ საწარმოს ან ფინანსურ ოპერაციებს, რომლებიც გათვალისწინებულია ფრენჩაიზინგული გარიგებით. კომპანიამ დასძინა, რომ თავი შეიკავა ერთობლივი საწარმოს მართვისა და მასში ინვესტიციებისგან, ომის დაწყების შემდეგ კი დივიდენდები არ მიუღია.
ვითიბი კაპიტალი (VTB Capital), ვითიბი ბანკის შვილობილი კომპანია - რუსეთში სიდიდით მეორე ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც სანქციები დაუწესა აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა.
0
0