
ამერიკელებს თავის ინტერესები აქვთ და ბუნებრივია ისინი შეხვდებიან ხელისუფლებას, აბა რას იზამენ? ელჩი საქართველოში რისთვის ზის? მას ყველასთან ექნება კომუნიკაცია. თუ ეს კომუნიკაცია ვინმეს არ მოსწონს, თავის თავს დააბრალოს ( ოპოზიცია მყავს მხედველობაში), -ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, შესაძლოა ამერიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის გარკვეული პირობები წაუყენა.
ასევე, ხუხაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შესაძლოა ყოფილიყო „პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, როგორც ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი“.
„შეხვედრას მონოლოგის სახე ექნებოდა. დანიგანი ურთიერთობის ნორმალიზაციის გარკვეულ პირობებს წააყენებდა. ეს პირობები არის ვექტორის დაბრუნება იმ კალაპოტში, რაშიც ვითარდებოდა ათეული წლის განმავლობაში. ჩვენი მმართველობის პოლიტიკა რუსეთისკენ შეტრიალდა და ქვეყანა რუსეთის ლუკმა გახდა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურად განსაზღვრულ მიმართულებას. ასევე საუბარი იქნებოდა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, როგორც ამ ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი.
შორს მიმავალ დასკვნებს ვაკეთებთ. ეს არის წინადადებების ფორმალიზება. რადგან მინისტრად მოიხსენია ეს არის დე-ფაქტო ვითარება, დე-ფაქტო ბოჭორიშვილი არის საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, მას ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, მაგრამ დე-ფაქტოდ.
მოვლენების განვითარებას უნდა მივყვეთ. ეს არის გრძელვადიანი თამაში. ბუნდოვან ვითარებაში რომ ვართ ეს არის ხელისუფლების დამსახურება, მაგრამ ამაში „თავისი წვლილი“ ოპოზიციასაც მიუძღვნის. ამერიკელები ოპოზიციაშიც ვერ ხედავენ წელში გამოყვანილ ოპოზიციას. ამერიკელებს თავის ინტერესები აქვთ და ბუნებრივია ისინი შეხვდებიან ხელისუფლებას, აბა რას იზამენ? ელჩი საქართველოში რისთვის ზის? მას ყველასთან ექნება კომუნიკაცია. თუ ეს კომუნიკაცია ვინმეს არ მოსწონს, თავის თავს დააბრალოს ( ოპოზიცია მყავს მხედველობაში)“,- განაცხადა პოლიტოლოგმა.
ხუხაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული შეხვედრა „ქართულ ოცნებას“ „კარგს არაფერ მოუტანს“.
„ბუნებრივია, ამერიკელები პირობას წააყენებდნენ. უპირობოდ შევრიგდეთო ამას არ ეტყოდნენ, ეს გასაგებია. ამ ხელისუფლებას არ აქვს უკან დასახევი რესურსი, ამაშია მათი პრობლემა. ვერც ათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს. კანონმდებლობასაც უკან ვერ დააბრუნებენ. სისუსტის გამოვლინების ეშინიათ. ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი, სისუსტის გამოვლინებად აღიქმება. არ მგონია, რომ ამ შეხვედრამ ხელისუფლებისთვის რამე კარგი მოიტანოს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
კითხვაზე, დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრა რა გზავნილი შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის, ხუხაშვილი პასუხობს, რომ დასავლელ პარტნიორებს სჭირდებათ ისეთი საყრდენები ქვეყანაში, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკური პროცესების წარმართვა და, რომლებსაც ექნებათ ხალხის მხარდაჭერა.
პოლიტოლოგმა ასევ ისაუბრა უწყვეტ პროტესტზე. მისი თქმით, ოპოზიციამ პროტესტში სრულფასოვნად ინტეგრაცია ვერ მოახერხა.
„ამდენი დრო გავიდა, პროტესტში სრულფასოვნად ინტეგრაციაც კი ვერ მოახერხეს. სულ გადადება, გადადება, ახლა 31 მარტი გამოგვიცხადეს. ერთიანობაზე ლაპარაკობენ, ჩვენ მათი ერთ პარტიად ჩამოყალიბება კი არ გვინდა. ჩვენ გვინდა მათი კარგი კოორდინაცია იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას. რატომ წელავენ? აქამდე რატომ არ გააკეთეს? ამასობაში მოვა ადგილობრივი არჩევნებიც. ოქტომბრის შემდეგ რამდენი დრო დაიკარგა. მხედართმთავრის გარეშე მოგებული ომი გინახავთ? მძღოლობა უნდათ, მაგრამ უკანა სავარძელზე უნდათ დაჯდომა და არა საჭესთან.
უნდა გააკეთონ და თუ ვერ აკეთებენ ეს არის სისუსტე, სხვა კი არაფერი. მიზეზები შეიძლება ხუთასი ჰქონდეთ. მე ფაქტს ვუყურებ - ისინი ამას ვერ აკეთებენ!
ხელისუფლება ოპოზიციას ქილიკით ელაპარაკება, არასერიოზულად უყურებს. და, რაც მთავარია გასდის. რატომ? იმიტომ, რომ აქეთ მხარეს ენერგიას ვერ ხედავენ. ამხელა პროტესტია ქვეყანაში და ამის კაპიტალიზაციას ვერ ახერხებენ პოლიტიკური ლიდერები. 31 მარტიც დადგება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
0
0